Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №33აგ-23 თბილისი

კ-ი გ., 33აგ-23 4 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. კ-ს ბრალად დაედო:

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი);

· ოჯახის წევრის წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულებების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2018 წლის სექტემბრიდან გ. კ-ი, გენდერული ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, თავის მეუღლე ჟ. ო-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა, მეუღლეს მოჰქცეოდა საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო იგი ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მის ნებისმიერ მოთხოვნას და ემოქმედა მისი მითითებით;

o 2018 წლის ოქტომბრის დაუდგენელ რიცხვში, გ. კ-მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქალაქ გ-ში მდებარე ხევში, თავის მეუღლე ჟ. ო-ს თავის არეში მუშტებით სცემა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;

o 2018 წლის 7 დეკემბერს გ. კ-მა გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ში, ე.წ. „ფ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა თავისი მეუღლე ჟ. ო-ი, რომლისგანაც სხეულზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით ითხოვდა, ეღიარებინა სავარაუდო სქესობრივი კავშირი და დაესახელებინა პარტნიორის ვინაობა. უარის მიღების შემდეგ, გ. კ-მა, აღნიშნული კავშირის აღიარებისა და ამავე ურთიერთობის გამო დასჯის მიზნით, დაახლოებით, 10 წუთის ინტერვალით, 3-5 წუთის განმავლობაში, ანთებული სიგარეტით მკერდისა და დუნდულოს არეში დაზიანებები მიაყენა ჟ. ო-ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:

§ გ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის (2018 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის ეპიზოდები);

§ გ. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ გ. კ-ი, ---, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2018 წლის 8 დეკემბრიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს გ. კ-მა გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ში, ე.წ. „ფ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავის მეუღლე ჟ. ო-ს მიაყენა სხეულის დაზიანებები, კერძოდ: მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნისა და მარცხენა თეძოს მიდამოში, ასევე, ორი ზედაპირული დამწვრობა მარცხენა ძუძუზე და ერთი – მარცხენა დუნდულზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; გ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე და 111,1441-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე და 111,1441-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განაჩენით პროკურორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

§ გ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებისათვის (2018 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის ეპიზოდები);

§ გ. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ გ. კ-ს სასჯელი აეთვალა ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

9. 2023 წლის 2 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. კ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. კ-მა, რომელიც ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ – განაჩენი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. კ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, ასევე, საქმეზე დართული მასალები (მათ შორის – სატელეფონო ანძების ამონაწერი; მსჯავრდებულის დაზარალებულ ჟ. ო-თან საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისივე განმარტებით, მოიპოვა სადავო განაჩენის გამოტანის შემდეგ; ასევე, გ. კ-ის მიმართ მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმის მასალები) არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლადგამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ მითითებული გარემოებების უმეტესობა სამივე ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას შეაფასა. მსჯავრდებულს ამ გარემოებებზე უნდა ედავა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მის მიერ მოპოვებულ ახალ მასალებთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ შეეძლო, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე მიეღო აღნიშნული მასალები და სადავოდ გაეხადა საქმეში არსებული მტკიცებულებები. რაც შეეხება გ. კ-ის მიერ მის მიმართ მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმიდან წარმოდგენილ მასალებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მასალების მიხედვით, მითითებულ საქმეზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის დადგენილი, რის გამოც, აღნიშნული დოკუმენტები ვერ მიიჩნევა განაჩენის გადასინჯვის ახლადგამოვლენილ გარემოებად.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე