Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №4აგ-24 თბილისი

მ. ს., 4აგ-24 11 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ს-ასა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენით ს. მ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2008 წლის 29 ივლისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ასა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს. გ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2023 წლის 3 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ს. მ-ამ და მისმა ადვოკატებმა: მ. ს-ამ და თ. ქ-მა, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ ს. მ-ას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ქ. ე-ას ავადმყოფობის გაყალბებულ ისტორიასა და ექსპერტების – დ. დ-ისა და გ. გ-ას – არაობიექტურ სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. მ-ასა და მისი ადვოკატების: მ. ს-ასა და თ. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. მ-ამ და მისმა ადვოკატებმა: მ. ს-ამ და თ. ქ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მხარეთა მონაწილეობით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ – განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ს. მ-ასა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანხმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ანუ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსჯელებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურდება იმ მტკიცებულებათა სიყალბე, რომლებიც გადასასინჯ განაჩენს დაედო საფუძვლად.

5. შუამდგომლობის ავტორები განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად უთითებდნენ ქ. ე-ას ავადმყოფობის ისტორიის სიყალბეზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სახით მათ არ წარმოუდგენიათ. ს. მ-ას საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის №- საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

6. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მოპოვებულ და წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: „ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ს. მ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ, ობიექტური მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა მითითებული ექსპერტიზების ჩატარება და სასამართლოსათვის წარდგენა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. ამასთან, ახალ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ნამსჯელია ს. მ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2008 წლის 27 ნოემბრის №- დასკვნაშიც, რომელიც შეაფასეს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა ს. მ-ას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. გარდა ამისა, ს. მ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე დაცვის მხარისათვის ასევე ცნობილი იყო საქართველოს ექიმთა ასოციაციის მიერ მომზადებული 2008 წლის 23 ივლისის დასკვნაც, რომელზეც ასევე აპელირებს მხარე.

8. რაც შეეხება კასატორთა მითითებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მათი შუამდგომლობის განმხილველი ორი მოსამართლის (მ. ს-სა და მ. ი-ის) აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სწორედ მათ განიხილეს არსებითად ს. მ-ას სისხლის სამართლის საქმე და დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს არ აქვს უფლება, განიხილოს საქმე არსებითად, თუ მას ეს საქმე განხილული ჰქონდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და არა – პირიქით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აქვს ნამსჯელი (მაგალითად, იხილეთ: №36აგ-19, №60აგ-20, №12აგ-18, №220აგ-16 გადაწყვეტილებები).

9. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება, გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ს. მ-ასა და მისი ადვოკატების – მ. ს-ასა და თ. ქ-ის – შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ს-ასა და თ. ქ-ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ს. მ-ასა და მისი ადვოკატების – მ. ს-ასა და თ. ქ-ის – შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე