Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №16I -24 თბილისი

რ. გ., 16I -24 30 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატების – ვ. ა-სა და ო. ხ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. რ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. გ. რ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2013 წლის 12 თებერვლიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, გაუქმდა გ. რ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, კვლავ ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. გ. რ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად შეფარდებული სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2015 წლის 5 მარტიდან.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით გ. რ-ი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. რ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ს განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3000 ლარი. გ. რ-ს სასჯელის მოხდა უნდა აეთვალოს დაკავებიდან.

4. 2024 წლის 31 მარტს დააკავეს ძებნილი მსჯავრდებული გ. რ-ი.

5. 2024 წლის 5 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატებმა – ვ. ა-ემ და ო. ხ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

7. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატებმა – ვ. ა-ემ და ო. ხ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და გ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე (თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის) იღებს შესაბამისი სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით გაირკვა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი (რომლითაც საბოლოო სასჯელი გ. რ-ს განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობით) მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატებმა 2024 წლის 8 აპრილს გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და საქმე იმყოფება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამასთან, აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. რ-ის გამართლება, ასევე – გ. რ-ის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე.

3. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მსჯავრდებულ გ. რ-ის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმის მასალები უნდა გაეგზავნოს მსჯავრდებულ გ. რ-ის სისხლის სამართლის საქმის განმხილველ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, გ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.

4. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატების – ვ. ა-ისა და ო. ხ-ის საჩივარზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ;

2. საქმის მასალები გაეგზავნოს მსჯავრდებულ გ. რ-ის სისხლის სამართლის საქმის განმხილველ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, გ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე