Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №255აპ-24 თბილისი

რ. დ., 255აპ-24 5 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

სხდომის მდივან კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ ბექა ხუნაშვილის

ადვოკატების – ნ. გ-ის, მ. ძ-ისა და თ. მ-ის

მსჯავრდებულ დ. რ-ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ დ. რ-ის ადვოკატების – ნ. გ-ის, მ. ძ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

§ დ. რ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილზე;

§ დ. რ., -, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან – 2023 წლის 17 ოქტომბრიდან;

§ მ. გ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილზე;

§ მ. გ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია) ჯარიმა – 7000 ლარი, ხოლო 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია) – ჯარიმა – 10000 ლარი; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი.

2. განაჩენის მიხედვით:

· დ. რ-ეს მსჯავრად დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება;

· მ. გ-ეს მსჯავრად დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებაში წაქეზება.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2016 წლის 29 თებერვალს ო-ის მუნიციპალიტეტსა და ინდივიდუალურ მეწარმე დ. რ-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ო-ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ფასის დადგენის მიზნით შეფასების აუდიტორული მომსახურება;

o 2017 წლის 2 აგვისტოს ო-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დამტკიცდა ო-ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის მოხვდა სოფელ შ-ში (ჩ.) მდებარე 18350 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ----

o 2017 წლის 10 აგვისტოს ო-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა მ. გ-ემ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დ. რ. წააქეზა, გაეცა აუდიტის ყალბი დასკვნა, კერძოდ: ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა საპრივატიზებო ნუსხაში ასახული მიწის ნაკვეთების მონაცემები და მიუთითა შესაფასებელი ოდენობები, მათ შორის, სოფელ შ-ში (ჩ----) მდებარე 18350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, როგორც კვადრატული მეტრის ფასი – 0.50 ლარი, ასევე, საწყისი გასაყიდი ფასი – 9175 ლარი, რითაც დ. რ. წააქეზა, აუდიტის დასკვნაში შეეტანა ყალბი მონაცემები;

o 2017 წლის 17 აგვისტოს ინდივიდუალურმა აუდიტორმა დ. რ-მ მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრის შესახებ გასცა ყალბი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კ--) 1 კვ.მ.-ის ღირებულება, ნაცვლად რეალურად არსებული 43 ლარისა, განისაზღვრა 0.5 ლარით, შესაბამისად, მთლიანი ნაკვეთის ღირებულება, ნაცვლად 789050 ლარისა, განისაზღვრა 9175 ლარით;

o 2017 წლის 10 ნოემბერს ო-ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლების გამცემმა მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ ჩაატარა საჯარო აუქციონი, სადაც დ. რ-ის მიერ გაცემული ყალბი დასკვნის საფუძველზე, სოფელ შ-ში მდებარე 18350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კ--) საწყის ფასად განისაზღვრა 9175 ლარი. აუქციონზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 9633.75 ლარად გასხვისდა ლ. მ-ეზე, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

4. პირველის ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

ü დ. რ-ესთან მიმართებით – ყალბი დასკვნის დამზადება და გასაღება არ იყო დაკავშირებული მართლმსაჯულებისათვის ხელშეშლასთან (იმ დროისათვის ასეთის არარსებობის გამო), რის გამოც, დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. რ--ემ მ. გ-ის წაქეზებით დაამზადა და გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, შესაბამისად, მისი ქმედება, ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლისა (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემით), სამართლებრივად შეაფასა ამავე კოდექსის 362-ე მუხლით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დ. რ-ის დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლომ მისი დანაშაულებრივი ქმედება სამართლებრივად შეაფასა ამავე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ სანქციასთან შედარებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციით მძიმდებოდა ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა;

ü მ. გ-ესთან მიმართებით – სასამართლომ მ. გ-ის ქმედება, ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სამართლებრივად შეაფასა ამავე კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებაში წაქეზება) და სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. გ-ეს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და მათ მინიჭებული აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ დ. რ-ის ადვოკატმა დ. ნ-მა; მსჯავრდებულმა დ. რ-ემ და მისმა ადვოკატებმა – ნ. გ-ემ, თ. მ-ემ და მ. ძ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. რ-ის გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. რ-ემ და მისმა ადვოკატებმა – ნ. გ-ემ, მ. ძ-მა და თ. მ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. რ-ის გამართლებას, ხოლო ალტერნატივის სახით – მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის გავრცელებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. რ-ისა და მისი ადვოკატების – ნ. გ-ის, მ. ძ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა 2024 წლის 27 მარტს, 12:00 საათზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო პროცესში მონაწილე პროკურორმა მოითხოვა სხდომის გადადება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომა პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2024 წლის 5 აპრილს, 12:00 საათზე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის სასამართლო სხდომაზე პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა დ. რ-ემ და მისმა ადვოკატებმა – ნ. გ-ემ, მ. ძ-მა და თ. მ-ემ მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო პროცესში მონაწილე პროკურორი ბექა ხუნაშვილი არ დაეთანხმა წარმოდგენილ საჩივარს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, კომპიუტერებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სასამართლო სხდომებზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, აუქციონთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. რ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნებს, მათ შორის, კვალიფიკაციასთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას დ. რ-ისათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და დ. რ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ. რ-ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი.

5. რაც შეეხება კასატორთა ალტერნატიულ მოთხოვნას დ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის გავრცელების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებული დ. რ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს და სასჯელისაგან გათავისუფლდეს მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2023 წლის პირველ სექტემბრამდე მოიპოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი „ამნისტიის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ამავე კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა.

7. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით გაირკვა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია კანონით დადგენილი წესით, კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების მიხედვით, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შედეგად გასხვისებული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში (ჩ.) მდებარე 18350 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კ------), რომელიც გასხვისების შემდეგ დაიყო ორ ნაწილად – 16850 კვ.მ. (საკადასტრო კ------) და 1500 კვ.მ. (საკადასტრო კ----) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებად, დაუბრუნდა სახელმწიფოს და ამჟამად მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ ო-მუნიციპალიტეტი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დ. რ. არ არის მსჯავრდებული თანამონაწილეობისათვის, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ დ. რ-ემ მ. გ-ის წაქეზებით დაამზადა და გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც საფუძვლად დაედო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უკანონო გასხვისებას. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის შესავალში აღნიშნულია: ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, დანაშაულის ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, ასევე, ამავე კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონი ზეგავლენას მოახდენს პირებზე, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში რაიმე ფორმით აქვთ მიღებული მონაწილეობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. რ-ის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი და იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ. რ-ისა და მისი ადვოკატების – ნ. გ-ის, მ. ძ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. რ-ისა და მისი ადვოკატების – ნ. გ-ის, მ. ძ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი შეიცვალოს;

3. დ. რ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილზე;

4. დ. რ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებული დ. რ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;

6. მსჯავრდებული დ. რ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ. რ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია. ასევე გაუქმებულია:

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განჩინება და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას დ. რ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს 5000 ლარის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, დ. რ-ის - საკუთრებაში არსებულ, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე, უძრავ ქონებას – 884.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკადასტრო --------);

7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განჩინება და ყადაღა მოეხსნას ლ. მ-ის (პირადი ----) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს (საკადასტრო კოდები – №---- და №----);

8. ნივთიერი მტკიცებულებები: 15 CD-R დისკი და 4 DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; მ. გ-ის სამუშაო კაბინეტიდან ამოღებული პერსონალური კომპიუტერი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე