Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1381აპ-23 თბილისი

გ-ი კ., 1381აპ-23 4 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. გ-ს ბრალად დაედო: სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით); იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის (სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი); პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება (1571-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2020 წლიდან კ. გ-ისა და ქ. ყ-ს ჩამოუყალიბდათ რომანტიკული და სასიყვარულო ურთიერთობა. ურთიერთობის დასაწყისიდანვე კ. გ-ი ქ. ყ-ს აზარტული თამაშებისათვის სთხოვდა სხვადასხვა ბანკიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის გამოტანას, ასევე – მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდებას, ხოლო, უარის თქმის შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, დანის გამოყენებით ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ქ. ყ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ, ზემოაღნიშნული მიზეზით 2021 წლის აგვისტოში თ-ში, ე-ის ქუჩაზე არსებულ ნაქირავებ ბინაში, კ. გ-მა არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ქ. ყ-ს. 2021 წლის 25 სექტემბერს თ-ში, ს-ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, ქ. ყ-მა კ. გ-ს სესხის გამოტანაზე უთხრა უარი, რის გამოც ამ უკანასკნელმა იგი მიანარცხა კედელს, სახისა და ტანის არეში მრავალჯერ დაარტყა მუშტი და ყელში წაუჭირა ხელი. 2021 წლის 18 ოქტომბერს თ-ში, ე-ის ქუჩაზე არსებულ ნაქირავებ ბინაში, მობილური ტელეფონის დალომბარდებაზე უარის თქმის გამო, კ. გ-მა კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ქ. ყ-ს, კერძოდ, მუშტები დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შემდეგაც ხელი ჰკრა და დააგდო ძირს. 2021 წლის 19 ოქტომბერს იმავე მისამართზე, განვადებისა და სესხის გამოტანაზე უარის თქმის შემდეგ, კ. გ-მა კვლავ ფიზიკურად იძალადა ქ. ყ-ზე. კ. გ-ის მიერ მუქარის განხორციელების შიშით, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ქ. ყ-ი იძულებული გახდა, 2021 წლის აგვისტოს თვიდან 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ბანკიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოეტანა სესხი, ასევე – დაელომბარდებინა თავისი მობილური ტელეფონი და ამოღებული თანხები გადაეცა კ. გ-ისათვის. 2021 წლის ივლისში თ-ში, ე-ის ქუჩის №--ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, კ. გ-მა სქესობრივი კავშირის დამყარების დროს ქ. ყ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონით, მისივე თანხმობით, გადაიღო ინტიმური ვიდეო, რომელიც შემდეგ, ცემის მუქარით, ქ. ყ-ის „ვ-ის“ საშუალებით, გადააგზავნა საკუთარ მობილურ ტელეფონზე. ვიდეოჩანაწერის გადაგზავნისა და შენახვისთანავე კ. გ-ი დაემუქრა ქ. ყ-ს, რომ გაავრცელებდა ვიდეოჩანაწერს და გადაუგზავნიდა დედამისს, თუკი ბანკიდან არ გამოიტანდა სესხს და თანხას არ გადასცემდა მას. აღნიშნულით შეშინებული ქ. ყ-ი იძულებული გახდა, ბანკიდან გამოეტანა სესხი – 3000 ლარი – და გადაეცა კ. გ-ისათვის.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით კ. გ-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით – 2 წლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით, 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და კ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2021 წლის 22 ოქტომბრიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2020 წლიდან კ. გ-ისა და ქ. ყ-ს ჩამოუყალიბდათ რომანტიკული და სასიყვარულო ურთიერთობა. ურთიერთობის განმავლობაში კ. გ-ი ქ. ყ-ს აზარტული თამაშებისათვის სთხოვდა სხვადასხვა ბანკიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის გამოტანას, ასევე – მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდებას, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში – ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, დანის გამოყენებით ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ქ. ყ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ, ზემოაღნიშნული მიზეზით 2021 წლის აგვისტოში თ-ში, ე-ის ქუჩაზე არსებულ ნაქირავებ ბინაში, კ. გ-მა არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ქ. ყ-ს. 2021 წლის 25 სექტემბერს თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, ქ. ყ-მა კ. გ-ს სესხის გამოტანაზე უთხრა უარი, რის გამოც, ამ უკანასკნელმა იგი მიანარცხა კედელს, სახისა და ტანის არეში მრავალჯერ დაარტყა მუშტი და ყელში წაუჭირა ხელი. 2021 წლის 18 ოქტომბერს თ-ში, ე-ის ქუჩაზე არსებულ ნაქირავებ ბინაში, მობილური ტელეფონის დალომბარდებაზე უარის თქმის გამო, კ. გ-მა კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ქ. ყ-ს, კერძოდ, მუშტები დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შემდეგაც ხელი ჰკრა და დააგდო ძირს. 2021 წლის 19 ოქტომბერს იმავე მისამართზე, განვადებისა და სესხის გაკეთებაზე უარის თქმის შემდეგ, კ. გ-მა კვლავ ფიზიკურად იძალადა ქ. ყ-ზე. კ. გ-ის მიერ მუქარის განხორციელების შიშით, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ქ. ყ-ი იძულებული გახდა, 2021 წლის აგვისტოს თვიდან 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ბანკიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოეტანა სესხი, ასევე – დაელომბარდებინა თავისი მობილური ტელეფონი და ამოღებული თანხები გადაეცა კ. გ-ისათვის.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანჟელა გეთიამ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, კ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი მუხლებით დადგენილი სასჯელის განსაზღვრას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ.: სუსგ №1050აპ-23).

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ბრალდების ეპიზოდში კ. გ-ის გამართლების თაობაზე დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდში კ. გ-ის ბრალეულობა.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს: მართალია, დაზარალებულმა ქ. ყ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2021 წლის ივლისში კ. გ-მა ორალური სექსის დროს მისი ტელეფონით გადაიღო სქესობრივი ხასიათის ვიდეო, რომელიც თანხმობის გარეშე გადაიგზავნა თავის ტელეფონზე და შემდეგ ამ ვიდეოს მეშვეობით აშანტაჟებდა (ემუქრებოდა დედამისისთვის ამ ვიდეოს გადაგზავნით), მაგრამ სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ასეთი ვიდეოს არსებობა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ მ. მ-ის ჩვენება არარელევანტურია იმ ფაქტის უტყუარად დასადგენად, რომ კ. გ-მა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გამოიყენა ქ. ყ-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა. რაც შეეხება მოწმე ა. ბ-ას, მას თვითონ არ უნახავს დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ინტიმური კავშირის ამსახველი კადრები და აღნიშნულის შესახებ იცის ქ. ყ-ისაგან.

11. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ბრალდების მხარემ 2021 წლის 8 ნოემბერს დანიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა კ. გ-ისა და ქ. ყ-ის მობილურ ტელეფონებზე; ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის მოთხოვნით ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო პროცესები არაერთხელ გადაიდო, თუმცა, საბოლოოდ, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ექსპერტიზის დასკვნის სასამართლო პროცესზე წარდგენა.

12. ასეთ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა კ. გ-ის ბრალეულობას ქ. ყ-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გამოყენებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს „In dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

14. კ. გ-ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი და კ. გ-ს როგორც თითოეული მუხლით, ისე – საბოლოოდ – განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებშია.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე