Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№71აპ-24 თბილისი

ი-ი რ., 71აპ-24 23 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ი-ს ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (დანაშაული, გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით; 2022 წლის ივლისისა და 2022 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდები); გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის ივლისში ქ. გ-ში, ნ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი კონფლიქტის დროს, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ, მიუხედავად დაშორებისა, მისი ყოფილი ცოლი ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მამაკაცი ჩათვლიდა საჭიროდ, 2020 წლის 2 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს №- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი რ. ი-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – გ. ს-ას, კერძოდ, უთხრა, რომ დანას აიღებდა და დაჩეხავდა. აღნიშნული მუქარა გ. ს-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. გ-ში, დ. ა-ის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ, მიუხედავად დაშორებისა, ყოფილ ცოლს მისთვის მაინც უნდა მიეცა ფულადი თანხა, რ. ი-მა ფსიქიკურად აიძულა ყოფილი მეუღლე – გ. ს-ა – მისთვის გადაეცა თანხა, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ სიცოცხლე უნდოდა, მიეცა ფული, რა დროსაც გ. ს-ამ რ. ი-ს იძულებით გადასცა 100 ლარი.

· 2022 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. გ-ში, დ. ა-ის ქუჩის №--ში მდებარე მაღაზიაში მომხდარი კონფლიქტის დროს, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ, მიუხედავად დაშორებისა, მისი ყოფილი ცოლი ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მამაკაცი ჩათვლიდა საჭიროდ, 2020 წლის 2 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს №- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი რ. ი-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – გ. ს-ას, კერძოდ, უთხრა, რომ მაღაზიიდან, სადაც გ. ს-ა მუშაობდა, მიეცა მისთვის პროდუქტები, ხოლო საფასური თვითონ გადაეხადა. მას შემდეგ, რაც გ. ს-ამ უარი განუცხადა, რ. ი-მა მას დაანახა ქურთუკში ჩადებული დანის ტარი და უთხრა, რომ იქვე გამოასალმებდა სიცოცხლეს. აღნიშნული მუქარა გ. ს-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით რ. ი-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; რ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 12 დეკემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

· სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. გ-ში, დ. ა-ის ქუჩის №-ში მდებარე მაღაზიაში მომხდარი კონფლიქტის დროს, 2020 წლის 2 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს №- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი რ. ი-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – გ. ს-ას, კერძოდ, უთხრა, რომ მაღაზიიდან, სადაც გ. ს-ა მუშაობდა, მიეცა მისთვის პროდუქტები, ხოლო საფასური თვითონ გადაეხადა. მას შემდეგ, რაც გ. ს-ამ უარი განუცხადა, რ. ი-მა მას დაანახა ქურთუკში ჩადებული დანის ტარი და უთხრა, რომ იქვე გამოასალმებდა სიცოცხლეს. აღნიშნული მუქარა გ. ს-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თორნიკე ტატუნაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ივლისისა და 11 დეკემბრის ეპიზოდები), 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა რ. ი-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ბრალდების ეპიზოდებში რ. ი-ის ბრალეულობა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა გ. ს-ამ (მსჯავრდებულის ყოფილი მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით – არ მისცა დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. მოწმეები: ნ. მ-ი, კ. -ი, ა. დ. და თ. გ. არ არიან ზემომითითებული დანაშაულებრივი ფაქტების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და იძულებისა და მუქარის შესახებ ინფორმაცია მიიღეს დაზარალებულისაგან, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები კი უტყუარად არ მიუთითებს რ. ი-ის მიერ ოჯახის წევრის იძულებასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, ამდენად, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

13. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ი-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), ასევე –„ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე