საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №1431აპ-23 თბილისი
ი-ი მ., 1431აპ-23 25 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვს, არ იქნეს განხილული თავის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით მ. ი-ი, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 2 მარტის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის ზაფხულის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ი-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2023 წლის 2 მარტიდან იმავე წლის 16 მარტის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელთან მიმართებით და მ. ი-ისათვის მკაცრი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას სასჯელთან მიმართებით და მ. ი-ისათვის მკაცრი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მსჯავრდებულ მ. ი-ის ადვოკატმა ნ. დ-ემ წარმოადგინა მ. ი-ის გარდაცვალების მოწმობა, რის საფუძველზეც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გელა მაღრაძე შუამდგომლობს, რომ არ იქნეს განხილული თავისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
7. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ მ. ი-ის მიმართ უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე