საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №25აპ-24 თბილისი
ლ-ი ზ., 25აპ-24 22 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ლ-ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 7 მაისს, დღის საათებში, ს-ს რაიონის სოფელ პ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ. ლ-ი სიტყვიერად სიცოცხლის მოსპობით (მოკვლით) დაემუქრა ლ. ყ-ს, რასაც წინ უძღოდა ლ. ყ-ისათვის სოციალური ქსელი „ფ-ის“ გამოყენებით მიწერილი მუქარის შემცველი სმს შეტყობინებები. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ. ყ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 7 მაისს, დღის საათებში, ზ. ლ-ი მივიდა ს-ს რაიონის სოფელ პ-ში მდებარე ლ. ყ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მასთან მოუხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ზ. ლ-მა განიზრახა მისი მოკვლა. ამ მიზნით იგი დაბრუნდა საკუთარ სახლში, საიდანაც აიღო „AKKAR-ALTAY SILVER-ის“ მოდელის თოფი და კვლავ მივიდა ლ. ყ-ის სახლში. ზ. ლ-მა ხსენებული იარაღიდან გაისროლა იმ ოთახის მიმართულებით, რომელშიც ლ. ყ-ი და მ. ტ-ი იმყოფებოდნენ. ლ. ყ-მა მოახერხა კედელს ამოფარება, ხოლო ნასროლი ტყვიიდან გამონატყორცნი ჭურვი (ჭურვები) თავის არეში მოხვდა მ. ტ-ს, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები და დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა სიკვდილს.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის განაჩენით ზ. ლ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 20 სექტემბრის რედაქცია); ზ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 8 მაისიდან.
3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ზ. ლ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი თავდაპირველი ბრალდება (რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადააკვალიფიცირა სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე. ზ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (დაზარალებულ მ. ტ-ის დაზიანების ფაქტზე) და განესაზღვრა ჯარიმა – 20000 ლარი, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 18000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. მსჯავრდებული ზ. ლ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ლ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
5. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. ლ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე არსებული რედაქცია) 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ ზ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ყ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: ბრალდებულ ზ. ლ-ის, დაზარალებულების – მ. ტ-ისა და ლ. ყ-ის, მოწმეების – გ. ყ-ის, ზ. უ-ის, გ. ჭ-ისა და სხვათა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოღების, ნიმუშის აღების, ინფორმაციის გამოთხოვის, ნიმუშის აღების ოქმები, ექსპერტიზების დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები, ამოღებული ნივთმტკიცება და საქმეში არსებული სხვა მასალები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ზ. ლ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ზ. ლ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულების მოკვლის განზრახვა, მისი მიზანი იყო მხოლოდ ლ. ყ-ის ქონების დაზიანება. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ ბრალდებულმა დაინახა ლ. ყ-ი და მას დამიზნებით ესროლა, ასევე – იცოდა მ. ტ-ის ოთახში ყოფნის შესახებ. შემთხვევის შემსწრე ყველა პირი ადასტურებს, რომ ზ. ლ-მა ოთახის მიმართულებით ისროლა მხოლოდ ერთხელ, საფანტო მოხვედრილია ზევით, თითქმის ჭერში. ბრალდებულის ნაცნობმა ყველა მოწმემ აჩვენა, რომ ზ. ლ-ი კარგი მსროლელია, მან კარგად იცოდა ყ-ის სახლის განლაგება და, მკვლელობის განზრახვის შემთხვევაში, ამ ცოდნას კარგად გამოიყენებდა, თუმცა მას ოთახში შესვლისა და ლ. ყ-ის მიმართულებით დამიზნებით გასროლის მცდელობაც კი არ ჰქონია. 2022 წლის 12 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, „გ. ყ. ხედავდა ზ. ლ-ს, თუმცა ზ-თვის მისი დანახვა შეუძლებელი იყო, რადგან გარედან შიგნით ოთახში ვითარება კარგად არ ჩანს“.
11. ამრიგად, ბრალდებულს ჰქონდა საშუალება, განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ლ. ყ-ისათვის ტყვიის მოსახვედრად გამოეყენებინა გაცილებით უკეთესი პოზიცია, რაც არ გააკეთა და გაისროლა ძალიან მახვილი კუთხით, არა – ადამიანის სავარაუდო სიმაღლეზე, არამედ – მაღლა, რამდენიმე წინაღობის გავლით, შესასვლელი ოთახის სივრცეში, სადაც, როგორც ბრალდებული ხედავდა, არავინ იმყოფებოდა. მას არ უცდია თავდასხმა მოულოდნელად, ასევე – ლ. ყ-თვის დამალვის ან თავდაცვის საშუალების მოსპობა, მით უფრო, რომ მსჯავრდებული კარგად ერკვევა სანადირო თოფებში და კარგად ისვრის მიზანში. ზ. ლ-მა არ იცოდა სროლის მომენტში ოთახში მ. ტ-ის ყოფნის შესახებ. ამასთან, დაზარალებულების განმარტებით, ზ. ლ-ს არ სურდა მათი მოკვლა და ითხოვენ მისთვის შეღავათების გაწევას. სწორედ ამიტომაც არ მიიღეს არანაირი ზომები თავის დასაცავად, დასამალად ან გასაქცევად, მიუხედავად იმისა, რომ სახლს ჰქონდა სხვა გასასვლელიც. შესაბამისად, დაზარალებულებსა და ბრალდებულს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი მტკიცებისა, რომ ზ. ლ-ის ქმედებაში არსებობდა ლ. ყ-ის მკვლელობის განზრახვა, მეტიც, იგი არც კი ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ზ. ლ-ს ხელთ ჰქონდა თოფი ვაზნებით და ქმედების გაგრძელებაში ხელს არაფერი უშლიდა, მან თავისი სურვილით შეწყვიტა სროლა და წავიდა სახლში. ამასთან, დარწმუნებით იცოდა, რომ მისი გასროლებით ლ. ყ-ს არანაირი ზიანი არ მისდგომია. ასევე, მას არ უცდია მიმალვა, ნივთიერი მტკიცებულებების – იარაღისა და ვაზნების – გადამალვა ან განადგურება.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერად გაამართლეს ზ. ლ-ი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი, რომ ზ. ლ-ი ლ. ყ-ს ემუქრებოდა როგორც უშუალოდ, ისე – ნამდვილად უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს ტელეფონის (სოციალური ქსელის) მეშვეობით, თუმცა დაზარალებულ ლ. ყ-ის განმარტებით, ბრალდებულთან აქვს ახლომეზობლური და მეგობრული ურთიერთობა, ისინი შეხუმრებულები არიან, მსგავსი შინაარსის საუბრები სხვა დროსაც ჰქონიათ და იცის, რომ ზ. ლ-ი მას არაფერს დაუშავებს. სწორედ ამიტომ დაზარალებულს ბრალდებულის მუქარა სერიოზულად არ აღუქვამს და არც მისი განხორციელების შიში გასჩენია.
13. უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატას არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებია, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ.: სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).
14. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზ. ლ-ის მუქარა დაზარალებულ ლ. ყ-ს რეალურად არ აღუქვამს და არ გასჩენია მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ზ. ლ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. ლ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, ასევე –პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
16. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები თუ მტკიცებულებები და გამოიტანა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006). საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრის დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება ზ. ლ-ის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე