Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1189აპ-23 თბილისი

მ-ი ე., 1189აპ-23 4 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის, ასევე – მსჯავრდებულ ფ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ის, მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. შ-ისა და თ. პ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ფ. ა-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – 17 წლით, 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – 19 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით, 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ფ. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ე. მ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – 17 წლით, 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – 19 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით, 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. მ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ქ. ო-ს, -, ნასამართლობის არმქონეს, –საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – 17 წლით, 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – 19 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით, 276-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით– 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ქ. ო-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელი აეთვალათ მათი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 21 დეკემბრიდან.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფ. ა-მა, ქ. ო-მა და ე. მ-მა ჩაიდინეს: განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად; განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ; ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება და აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი ჯგუფურად; სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ქ. ო-მა ასევე ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· ფ. ა-სა და მის მეგობარ ქ. ო-ს თანასოფლელ რ. ზ-თან, ამ უკანასკნელის მხრიდან პირადი და ოჯახის წევრების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, გააჩნდათ კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც, განიზრახეს მისი ჯგუფურად განზრახ მკვლელობა.

· განზრახვის განსახორციელებლად ფ. ა-მა, ე. მ-მა და ქ. ო-მა 2021 წლის 20 დეკემბერს, ჯგუფურად, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო ვაზნებით, რასაც ჯგუფურად ატარებდნენ გ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

· 2021 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით, 18:00 საათისთვის, ფ. ა-ი და ქ. ო-ი ე. მ-თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი, „ტოიოტა ვითსის“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, ცენტრალური საავტომობილო გზის განაპირას, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარე მ. ს-ის კუთვნილი ე.წ. „ჩ-ის“ წინ არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ასევე კონკრეტული მიზნით თავს იყრიდნენ და გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა პირები. აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდა რ. ზ-იც. იგი ჩაჯდა იქვე, “ჩ-ის“ წინ, ავტოსადგომზე გაჩერებულ, თავის მფლობელობაში არსებულ „Range Rover-ის“ ჯიპის მოდელის ავტომობილში, რაც დაინახა კიდეც ზემოხსენებულმა სამივე პირმა. ამის შემდეგ „ტოიოტა ვითსის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან მჯდარმა ე. მ-მა მოაბრუნა ავტომობილი და მიმართა „Range Rover-ის“ მარკის ავტომანქანის მიმართულებით, რომელშიც წინა, მარცხენა სავარძელზე იჯდა რ. ზ-ი და ესაუბრებოდა წინა, მარცხენა კართან ახლოს, რამდენიმე სანტიმეტრში მყოფ ს. ა-ს. ე. მ-მა ხელსაყრელი პირობა შეუქმნა ფ. ა-ს, რათა მას ქ. ო-სა და ე. მ-თან ერთად, ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, რ. ზ-ის განზრახ მოკვლის მიზნით, მისივე მიმართულებით არაერთხელ გაესროლა.

· ფ. ა-ი, ე. მ-ი და ქ. ო-ი, მოქმედებდნენ რ. ზ-ის ჯგუფურად განზრახ მოკვლის მიზნით, ამავდროულად, ისინი ხედავდნენ და ითვალისწინებდნენ, უფრო მეტიც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ რ. ზ-ის მიმართულებით განსახორციელებელ არაერთ გასროლას, შესაძლოა, გარდაუვალად მოჰყოლოდა ამ უკანასკნელთან რამდენიმე სანტიმეტრში მყოფი თანამესაუბრის – ს. ა-ის – განზრახ მკვლელობა და “ჩ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნებოდა რეალური საფრთხე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფ. ა-მა ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რ. ზ-ისა და ს. ა-ის მიმართულებით, დამიზნებით, მოძრავი ავტომობილიდან, არაახლო მანძილიდან არაერთხელ გაისროლა, რის შედეგადაც რ. ზ-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა (დაზიანება), ს. ა-ი კი შემთხვევით გადარჩა სიკვდილს. ამავდროულად, ფ. ა-ის, ქ. ო-ისა და ე. მ-ის მიერ ჯგუფურად ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედებით საფრთხე შეექმნა მ. ს-ის ე.წ. “ჩ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

· აღნიშნულის შემდეგ ე. მ-მა, ქ. ო-მა და ფ. ა-მა იმავე ავტომანქანით ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად დატოვეს შემთხვევის ადგილი, ხოლო რ. ზ-ი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2022 წლის 27 იანვარს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა „Range Rover-ის“ მარკის ავტომობილი, რომლის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3900 ლარი.

· 2021 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 10:20 საათზე, თ-ის შემოსავლელი საავტომობილო გზის მე-- კმ-ზე მოძრაობდა „ნისან ტიტანის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო №-), რომელსაც მართავდა ქ. ო-ი. გზაზე მსვლელობისას მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საწინააღმდეგო სავალ ზოლში და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „კამაზის“ მარკის ავტომობილს, - ფედერაციის ნომრით -, რომელსაც მართავდა ა. გ.. ავტოავარიის შედეგად ქ. ო-ის მგზავრმა – ს. ო-მა – მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ფ. ა-ი, ქ. ო-ი და ე. მ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ფ. ა-ს, ქ. ო-სა და ე. მ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – 15-15 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11-11 წლით, 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით– 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ქ. ო-ს ასევე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულებს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალათ 2021 წლის 21 დეკემბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ზვიად ფხაკაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ფ. ა-ის, ე. მ-ისა და ქ. ო-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ქ. ო-ის ასევე – სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მათთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ფ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ფ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში – მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მსჯავრდებულ ე. მ-ის ადვოკატები: მ. შ-ი და თ. პ-ი კი – მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. პროკურორი ზვიად ფხაკაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულთა ადვოკატების საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ფ. ა-ის, ქ. ო-ისა და ე. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობის (მცდელობის) ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვისაც, როგორიცაა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა (მცდელობა), რაც გულისხმობს ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობას ერთდროულად ან მეორე პირისათვის სიცოცხლის მოსპობას პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში. ამასთან, დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით.

11. მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ ს. ა-ს შემთხვევისას რაიმე დაზიანება არ მიუღია და თვითონ თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. იგი მსჯავრდებულებს არც კი იცნობდა, ხოლო რ. ზ-ი სრულიად შემთხვევით ნახა “ჩ-ასთან“. ვიდეოჩანაწერითაც უტყუარადაა დადასტურებული, რომ ე. მ-ის ავტომანქანის რ. ზ-ის მანქანასთან მიახლოებისას ს. ა-ი გარბის საქაბაბეში. მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ფ. ა-ს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ესროლა მისი მიმართულებითაც, თუმცა იგი ამას არ აკეთებს. აშკარაა, რომ მსჯავრდებულთა სამიზნე მხოლოდ მანქანაში მყოფი რ. ზ-ი იყო. ეს გარემოებები მეტყველებს იმაზე, რომ მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ს. ა-ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და აღნიშნულზე არ მიუთითებს საქმეში არსებული თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი. შესაბამისად, ფ. ა-ის, ე. მ-ისა და ქ. ო-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არის მხოლოდ ეჭვი, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, სწორად გადაწყდა მსჯავრდებულთა სასარგებლოდ.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულების – ფ. ა-ისა და ე. მ-ის – გამართლების ან ფ. ა-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულთა ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადასტურებულია დაზარალებულ ს. ა-ისა და მოწმეების: ა. კ-ის, ნ. ო-ის, რ. გ-ის, ტ. გ-ის, შ. პ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ფ. ა-ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ვიდეოჩანაწერებით, ექსპერტიზების დასკვნებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მობილური ტელეფონების შემავალი და გამავალი ზარების, SMS-ებისა და ინტერნეტტრაფიკების დეტალური ნუსხით, იმეი კოდებისა და ანძების მითითებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით. ამასთან, დაზარალებულისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ისინი შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი არ გააჩნია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ფ. ა-ისა და ე. მ-ის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულთა ადვოკატების მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან, აგრეთვე – მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ ფ. ა-ის, ე. მ-ისა და ქ. ო-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულთა მიერ გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენაში.

14. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №458აპ-21). საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება მსჯავრდებულთა ქმედებების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.

15. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – ფ. ა-ს, ქ. ო-სა და ე. მ-ს – მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მათი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ზვიად ფხაკაძის, ასევე – მსჯავრდებულ ფ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ის, მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. შ-ისა და თ. პ-ის – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე