საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№21აპ-24 თბილისი
პ-ი ნ., 21აპ-24 17 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. პ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 2 მარტს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ. გ-ში, ლ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი შელაპარაკების დროს, იმის გამო, რომ არასრულწლოვანი თ. ხ-ი გვიან დაბრუნდა სახლში, 2023 წლის 12 იანვრის № განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ნ. პ-მა ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილზე – თ. ხ-ზე, კერძოდ, მარცხენა ფეხის არეში ერთხელ ჩაარტყა ხელი, რა დროსაც თ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ნ. პ-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თორნიკე ტატუნაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ნ. პ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22).
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ. პ-ის ბრალეულობა. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ნ. პ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა თ. ხ-მა (ბრალდებულის შვილმა) ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის ან ტანჯვის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ – ობიექტურ კრიტერიუმებზეც: ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ., იხ.: სუსგ N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).
10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 15 მარტის №- დასკვნის მიხედვით, თ. ხ-ს - წ. პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მოწმე მ. ს-ის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ არ უნახავს, თ. დედამისს ეცემოს; არასდროს უნახავს ნაცემი თ., დალურჯებული სახე, ხელები ან სხეული, როცა გოგოები ერთად იცვლიან გასახდელში და ხედავენ ერთმანეთის სხეულის ნაწილებს; ერთხელ გაიგო, რომ დედამ თ-ას დაუყვირა. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები კი – შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი, №- შეტყობინება და მოწმე ნ. ა-ას (რომელიც არ არის ფაქტის შემსწრე) ჩვენება – დაზარალებულის ჩვენების გარეშე, არ არის საკმარისი ნ. პ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, რადგან ირიბ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების გადამოწმება ვერ ხდება ინფორმაციის პირველწყაროსთან – დაზარალებულთან.
11. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ. პ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე