Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№65აპ-24 თბილისი

ს-ა ბ., 65აპ-24 15 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ს-ას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი): ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას (ოჯახის წევრის მიმართ; 2 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

§ 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში ქ. ზ-ში, გ-ას ქუჩის №-ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ბ. ს-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – თ. შ-ას – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატებოდა ბ. ს-ას მიერ არარეგისტრირებული ცოლის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ, მესაკუთრულ დამოკიდებულებაში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას, გონებრივ მონაცემებსა და პიროვნულ თვისებებთან მიმართებით, რამაც თ. შ-ას ტანჯვა გამოიწვია.

§ 2022 წლის 14 ივლისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. ზ-ში, გ-ას ქუჩის №--ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ბ. ს-ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – თ. შ-ას – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატებოდა ბ. ს-ას მიერ არარეგისტრირებული ცოლის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ, მესაკუთრულ დამოკიდებულებაში, თავის არეში ესროლა ჭიქა. თ. შ-ამ თავის არეში მიიღო სკალპის ღია ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

§ 2023 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. ზ-ში, გ-ას ქუჩის №--ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ბ. ს-ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – თ. შ-ას – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატებოდა ბ. ს-ას მიერ არარეგისტრირებული ცოლის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ, მესაკუთრულ დამოკიდებულებაში, ხელზე დაასხა ცხელი წყალი, რომლის წვეთები დაზარალებულს შეესხა სახის არეშიც. შედეგად, თ. შ-ამ მიიღო დაზიანება მე-2 ხარისხის დამწვრობით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

§ 2023 წლის იანვარსა და თებერვალში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ქ. ზ-ში ბ. ს-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – თ. შ-ას – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატებოდა ბ. ს-ას მიერ არარეგისტრირებული ცოლის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ, მესაკუთრულ დამოკიდებულებაში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის, ეუბნებოდა, რომ ყელს გამოსჭრიდა, ჭაში ჩაახრჩობდა, რაც თ. შ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

§ 2023 წლის 3 მარტს, დაახლოებით, 08:39 საათზე, ქ. ზ-ში ბ. ს-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – თ. შ-ას – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატებოდა ბ. ს-ას მიერ არარეგისტრირებული ცოლის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ, მესაკუთრულ დამოკიდებულებაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, „ფეისბუკ-მესენჯერით“ გაუგზავნა ფეკალიების ამსახველი ე.წ. „სმაილები“ და საფლავის ფოტოსურათი. თ. შ-ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ბ. ს-ა, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი შორენა გვილავა ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ბ. ს-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და მისთვის სამართლიანი, პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.

5. გამართლებული ბ. ს-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. რ. შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ. ს-ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №140აპ-21, №65აპ-20).

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ბ. ს-ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა თ. შ-ამ (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმე ს. ს-ამ (ბრალდებულის შვილმა) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულსა და მოწმეზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მათ აიძულებდა, ესარგებლათ ამ პროცესუალური უფლებით. თ. შ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის 20 ივლისის ფორმა №IV-100/ა-ის თანახმად, თ. შ-ას აღენიშნებოდა სკალპის ღია ჭრილობა, რომელიც, როგორც ცნობაშია მითითებული, პაციენტმა მიიღო დაცემის შედეგად.

9. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ვითარების აღდგენისა და თ. შ-ასაგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. იმ პირობებში, რომელთა დროსაც დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ბ. ს-ას ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა (სუსგ: №685აპ-23, №1143აპ-23, №315აპ-20, №49აპ-20, №679აპ-20, №442აპ-21). ასევე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არის საკმარისი თეა გეგეჭკორის ჩვენება, რომელიც არ არის ფაქტის შემსწრე მოწმე.

10. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები კი უტყუარად არ მიუთითებს ბ. ს-ას მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაზე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე და არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სამედიცინო ექსპერტიზის №001996723 დასკვნით, მართალია, დადგენილია, რომ თ. შ-ამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები სკალპის ღია ჭრილობისა და მეორე ხარისხის დამწვრობის სახით, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზით ობიექტურად შეუძლებელია დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

12. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ. ს-ას დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“– გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ბ. ს-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

14. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე