საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1226აპ-23 თბილისი
ტ. ს., 1226აპ-23 15 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ს. ტ-ეს ბრალად დაედო:
· გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი – სამი ეპიზოდი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – სამი ეპიზოდი);
· გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – სამი ეპიზოდი);
· გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2022 წლის 10 აგვისტოს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ტ-ემ, სტერეოტიპული წარმოდგენებისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ხელის სახეში დარტყმით იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, მეუღლე ანა ირემაძეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის 10 აგვისტოს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ტ-ე, სტერეოტიპული წარმოდგენებისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე ანა ირემაძეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 15 აგვისტოს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ტ-ე, სტერეოტიპული წარმოდგენებისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე ანა ირემაძეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 20 აგვისტოს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ტ-ე, სტერეოტიპული წარმოდგენებისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე ანა ირემაძეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 20 აგვისტოს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ტ-ემ, სტერეოტიპული წარმოდგენებისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ხელის მხრის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, მეუღლე ანა ირემაძეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ტ-ემ, სტერეოტიპული წარმოდგენებისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სკამის მარცხენა ფეხზე დარტყმით, იატაკზე წაქცევით, თმაში ხელის ჩავლებითა და ხელის მარცხენა მხრის არეში დარტყმით იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, მეუღლე ანა ირემაძეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ტ-ე, სტერეოტიპული წარმოდგენებისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე ანა ირემაძეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 25 ნოემბერს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ტ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე ანა ირემაძეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 24 დეკემბერს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ტ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე ანა ირემაძეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 27 დეკემბერს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ტ-ემ ხელის სახის არეში დარტყმით, ფეხის ფეხზე დარტყმით, ხელების ყელის არეში მოჭერით, თმაში ჩავლებითა და წაქცევით იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, მეუღლე ანა ირემაძეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის 27 დეკემბერს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ტ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე ანა ირემაძეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით:
§ ს. ტ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი – 2022 წლის 10, 20 და 27 აგვისტოს ეპიზოდები); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი – 2022 წლის 25 ნოემბრისა და 24 და 27 დეკემბრის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი – 2022 წლის 10, 15, 20 და 27 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებისათვის;
§ ს. ტ-ე, დაბადებული 1996 წლის 8 მაისს (პირადი №62102017895), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობის დროის (2022 წლის 28 დეკემბრიდან 2023 წლის 16 მარტის ჩათვლით პერიოდი) გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად.
4. განაჩენის მიხედვით, ს. ტ-ეს მსჯავრად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი – 2022 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი).
5. 2022 წლის 27 დეკემბერს ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ტ-ემ ხელის სახის არეში დარტყმით, ფეხის ფეხზე დარტყმით, ხელების ყელის არეში მოჭერით, თმაში ჩავლებითა და წაქცევით იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, მეუღლე ანა ირემაძეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ს. ტ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ოთხივე ეპიზოდისათვის (2022 წლის 10, 20 და 27 აგვისტოსა და 27 დეკემბრის ეპიზოდები); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი – 2022 წლის 25 ნოემბრისა და 24 და 27 დეკემბრის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი – 2022 წლის 10, 15, 20 და 27 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ს. ტ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ოთხივე ეპიზოდისათვის (2022 წლის 10, 20 და 27 აგვისტოსა და 27 დეკემბრის ეპიზოდები); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი – 2022 წლის 25 ნოემბრისა და 24 და 27 დეკემბრის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი – 2022 წლის 10, 15, 20 და 27 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს. ტ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი – 2022 წლის 10, 20 და 27 აგვისტოს ეპიზოდები); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი – 2022 წლის 25 ნოემბრისა და 24 და 27 დეკემბრის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი – 2022 წლის 10, 15, 20 და 27 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ს. ტ-ის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2022 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდისათვის მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ს. ტ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამავე დროს, ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
13. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
14. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე