Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№94აპ-24 თბილისი

შ-ე გ., 94აპ-24 30 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელისა და მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ლ-ისა და ნ. ს-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. შ-ეს ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ); 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 2 ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ს-ში, გ. შ-ის საცხოვრებელ სახლში, გ. შ-ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ფიქრობს, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს ყველაფერში და არ აქვს მისი გადაწყვეტილების განსჯის უფლება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ს-ეს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ს-ში, გ. შ-ის საცხოვრებელ სახლში, გ. შ-ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ფიქრობს, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს ყველაფერში და არ აქვს მისი გადაწყვეტილების განსჯის უფლება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ს-ეს – მათივე არასრულწლოვანი შვილების: ნ., თ. და ო. შ-ების – თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, ასევე – ქვაბის თავსახური ჩაარტყა მკლავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხასიათის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იმავე მოტივით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდა, რამაც გამოიწვია მ. ს-ის ფსიქოლოგიური ტანჯვა (2022 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი).

· 2022 წლის 27 იანვარს ა-ის რაიონის სოფელ ს-ში, გ. შ-ის საცხოვრებელ სახლში, გ. შ-ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ფიქრობს, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს ყველაფერში და არ აქვს მისი გადაწყვეტილების განსჯის უფლება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ს-ეს – მათივე არასრულწლოვანი შვილების: ნ., თ. და ო. შ-ეების – თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელ-ფეხი თავისა და ტანის არეში, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი).

· 2022 წლის გაზაფხულზე ა-ის რაიონის სოფელ ს-ში, გ. შ-ის საცხოვრებელ სახლში, გ. შ-ემ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს – ნ. შ-ეს – არასრულწლოვანი და-ძმის, თ. და ო. შ-ების, თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი თავის არეში ორჯერ დაარტყა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენით გ. შ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. გ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) – 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. შ-ეს, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 26 დეკემბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. შ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ს-ში, გ. შ-ის საცხოვრებელ სახლში, გ. შ-ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ფიქრობს, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს ყველაფერში და არ აქვს მისი გადაწყვეტილების განსჯის უფლება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ს-ეს – მათივე არასრულწლოვანი შვილების: ნ., თ. და ო. შ-ეების – თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, ასევე – ქვაბის თავსახური ჩაარტყა მკლავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხასიათის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იმავე მოტივით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდა, რამაც გამოიწვია მ. ს-ის ფსიქოლოგიური ტანჯვა (2022 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი).

· 2022 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ს-ში, გ. შ-ის საცხოვრებელ სახლში, გ. შ-ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ფიქრობს, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს ყველაფერში და არ აქვს მისი გადაწყვეტილების განსჯის უფლება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ს-ეს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამუნა მურჯიკნელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმებას, გ. შ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების სრული მოცულობით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. ადვოკატები: კ. ლ-ი და ნ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. შ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გ. შ-ის გამართლების თაობაზე და უთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. შ-ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტს, კერძოდ: მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ, გარდა დაზარალებულ მ. ს-ის ჩვენებისა, ვერ წარმოადგინა სხვა – არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. შ-ის მიერ მეუღლესა და შვილზე ძალადობის ფაქტებს. არასრულწლოვანმა მოწმეებმა: ნ., თ. და ო. შ-ეებმა – ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ.) ინფორმაციას იძლევა მხოლოდ 2022 წლის 26 დეკემბრის ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით და არაინფორმატიულია 2022 წლის 27 იანვრისა და 2022 წლის გაზაფხულის ძალადობის ფაქტებთან მიმართებით, მხოლოდ დაზარალებულ მ. სხილაძის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

10. ამდენად, არასაკმარისი მტკიცებულებებით პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. ასეთ პირობებში კი სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის სრულად გამართლების შესახებ, ვინაიდან გ. შ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში დადასტურებულია არა მარტო დაზარალებულ მ. ს-ის ჩვენებით, არამედ – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 28 დეკემბრის №- და სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 4 აპრილის №- დასკვნებით, შეტყობინებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

12. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ გ. შ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

13. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

14. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას.

15. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთმანეთს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ. შ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელისა და მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ლ-ისა და ნ. ს-ის – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე