საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1190აპ-23 თბილისი
ჩ-ი გ., 1190აპ-23 11 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით გ. ჩ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელი – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 2000 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჩ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 21 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით შეფარდებული და მოხდილი სასჯელი – 2022 წლის 29 ივნისიდან იმავე წლის 11 ნოემბრამდე.
2. განაჩენის მიხედვით, გ. ჩ-ს მსჯავრად დაედო თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
o 2021 წლის მაისში გ. ჩ-მა თავისი დის, ს. გ-ას, სახელზე, თ-ში, ი. ჯ-ის ქუჩის №--ში დაარეგისტრირა შპს “გ-ას კ-ა“. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №- დადგენილებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №- ბრძანების თანახმად, იმუნიზაცია წარმოადგენს მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას და ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვას და სავალდებულო შეტყობინების წარდგენას ფაქტობრივ მისამართზე. გ. ჩ-მა რეგისტრაციის შესახებ შეტყობინება არ წარადგინა, რითაც დაარღვია აღნიშნული დადგენილებისა და ბრძანების მოთხოვნები;
o აღნიშნულის მიუხედავად, 2021 წლის 13 სექტემბერს, გ. ჩ-ის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით ამოქმედდა შპს “გ-ას კ-ა“, რომელიც პაციენტებს უწევდა სამედიცინო მომსახურებას;
o შპს “გ-ას კ-ის“ სახელის გამოყენებით, გ. ჩ-მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვადასხვა პირთა თანხებს, კერძოდ, კლინიკაში თითქოსდა გრიპის ვაქცინის გაკეთების სანაცვლოდ პაციენტებისაგან აეღო თანხა და მათთვის მოტყუებით გაეკეთებინა „ცე ვიტამინი“;
o აღნიშნული განზრახვის შესაბამისად, 2021 წლის 11 ოქტომბერს, გ. ჩ-მა შპს “გ-ას კ-ის“ სოციალურ ქსელ „ფ-ის“ ოფიციალურ გვერდზე – „g. c.“ – გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მითითებული კლინიკა 2021 წლის 20 ოქტომბრიდან იწყებდა გრიპის ვაქცინაციის პროცესს ფრანგული წარმოების, 4-კომპონენტიანი მედიკამენტის – „ვაქსიგრიპის“ გამოყენებით. გ. ჩ-ის მითითებით, ვაქცინაციის მსურველებს უნდა გაევლოთ წინასწარი რეგისტრაცია და კლინიკის საბანკო ანგარიშზე წინსწრებით უნდა ჩაერიცხათ ვაქცინაციის საფასური – 75 ლარი;
o გ. ჩ-ის მოთხოვნის შესაბამისად, გრიპის ვაქცინის მსურველებმა 2021 წლის 11 ოქტომბრიდან იმავე წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, შპს “გ-ას კ-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხეს გრიპის ვაქცინაციის საფასური – თითოეულმა 75-75 ლარი, ჯამურად – 11095 ლარი;
o 2021 წლის 20 ოქტომბერს გრიპის ვაქცინის მსურველები, ვაქცინის გაკეთების მიზნით, მივიდნენ თ-ში, ი. ჯ-ის ქუჩის №--ში მდებარე შპს “გ-ას კ-აში“. გ. ჩ-მა ისინი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნამდვილად ფრანგული წარმოების მედიკამენტ „ვაქსიგრიპით“ აცრიდა მათ, რის შემდეგაც თითოეულ მათგანს მოტყუებით გაუკეთა „ცე ვიტამინის“ ინიექცია;
o აღნიშნული ქმედებით გ. ჩ-ი მოტყუებით დაეუფლა 11095 ლარს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
ь ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; გ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა;
ь მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ადვოკატმა ნ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. ჩ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის შემცირება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; გ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონით დადგენილი წესით, თავისუფლების აღკვეთის სახით სამართლიანი და ადეკვატური უფრო მძიმე სასჯელის ზომის განსაზღვრას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ჩ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ გ. ჩ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
10. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
11. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე