საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1137აპ-23 თბილისი
ჩ-ი ე., 1137აპ-23 4 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ჩ-ს ბრალად დაედო:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი – სამი ეპიზოდი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – ორი ეპიზოდი);
· სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – სამი ეპიზოდი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – სამი ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2021 წლის 31 დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ხ. ო-ას ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ალკოჰოლის დალევაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებულმა ე. ჩ-მა სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელები ურტყა თავის მეუღლე ხ. ო-ას, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის 31 დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ოს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ხ. ო-ას ოჯახის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლის დალევაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებული ე. ჩ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლე ხ. ო-ას, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის აპრილის შუა რიცხვში, საღამოს საათებში, თ-ოს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ხ. ო-ას ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, პირუტყვის მოძებნაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებულმა ე. ჩ-მა სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელები ურტყა თავის მეუღლე ხ. ო-ას, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის აპრილის შუა რიცხვში, საღამოს საათებში, თ-ოს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ხ. ო-ას ოჯახის საცხოვრებელი სახლის აივანზე, პირუტყვის მოძებნაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებული ე. ჩ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლე ხ. ო-ას, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 22:30 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ხ. ო-ას ოჯახის საცხოვრებელი სახლის აივანზე, სხვა ქალთან მიმოწერის გამო მომხდარი შელაპარაკებისას გაბრაზებულმა ე. ჩ-მა თავის მეუღლე ხ. ო-ას ემალირებული ქვაბი ჩაარტყა ჯერ შუბლის ზედა არეში, შემდეგ – მარჯვენა მხარში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 22:30 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ხ. ო-ას ოჯახის საცხოვრებელი სახლის აივანზე, სხვა ქალთან მიმოწერის გამო მომხდარი შელაპარაკებისას გაბრაზებული ე. ჩ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლე ხ. ო-ას, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2019 წლის ივლისში, თ-ს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ე. ჩ-ისა და ხ. ო-ას მფლობელობაში არსებულ სახლში, ე. ჩ-მა, მათი შვილის წაქცევის გამო, სხეულზე ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები – უ. და ე. ჩ-ები;
o 2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ე. ჩ-ისა და ხ. ო-ას მფლობელობაში არსებულ სახლში, ე. ჩ-მა უცხო მამაკაცთან მოკლეტექსტური მიმოწერის გამო, სახესა და სხეულზე ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები – უ. და ე. ჩ-ები;
o 2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ-ს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე მდებარე ე. ჩ-ისა და ხ. ო-ას მფლობელობაში არსებულ სახლში, ე. ჩ-მა უცხო მამაკაცთან მოკლეტექსტური მიმოწერის გამო, სახესა და სხეულზე ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე. ამის შემდეგ, იძულებით დაალევინა 1 აბი თაგვის წამალი და 5 აბი საქონლის ჭიის წამალი, რის შემდეგაც, დაალევინა წყალი, რომ პირღებინება გამოეწვია, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. ამის შემდეგ, კიდევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აღუკვეთა თავისუფლება. ამასთან, უთხრა, ან თავი მოეკლა ან სახლიდან წასულიყო. მისცა საქონლის შესაწამლი მედიკამენტის ამპულა და 250 ლარი. თოკი ხელზე მოაბა, თვითონ ცხენზე შეჯდა და გამობმული ატარა რამდენიმე ასეული მეტრი. გ-ის მუნიციპალიტეტში თოკი მოხსნა. აღნიშნული ქმედებებით, დაზარალებული დაამცირა და არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა;
o 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, თ-ს მუნიციპალიტეტში, კ-ს ტბის აგარაკებზე, ე. ჩ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 220 მმ დიამეტრის, 20 მეტრი სიგრძის, სახელმწიფოს კუთვნილ ლითონის მილს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 658.80 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
o 2021 წლის ოქტომბერში, თ-ოს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე, ე. ჩ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 220 მმ დიამეტრის, 35 მეტრი სიგრძის, სახელმწიფოს კუთვნილ ლითონის მილს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 1152.90 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
o 2022 წლის 10 იანვარს, თ-ოს მუნიციპალიტეტში, კ-ის ტბის აგარაკებზე, ე. ჩ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 220 მმ დიამეტრის, 5 მეტრი სიგრძის, სახელმწიფოს კუთვნილ ლითონის მილს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 164.70 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განაჩენით:
§ ე. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი – 2021 წლის 31 დეკემბრისა და 2022 წლის აპრილის ეპიზოდები); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2021 წლის 31 დეკემბრის, 2022 წლის აპრილისა და 13 ივლისის ეპიზოდები); 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი – 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს ეპიზოდები) და 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებისათვის;
§ ე. ჩ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ჩ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ე. ჩ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 15 ივლისიდან.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
ü მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ე. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი); 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა;
ü მსჯავრდებულ ე. ჩ-ის ადვოკატმა ა. ც-ამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ე. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2021 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და 2022 წლის 10 იანვრის ეპიზოდები) შეფარდებული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი სექტემბრის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ე. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი); 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ე. ჩ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი – 2021 წლის 31 დეკემბრისა და 2022 წლის აპრილის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2021 წლის 31 დეკემბრის, 2022 წლის აპრილისა და 13 ივლისის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი – 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს ეპიზოდები) და 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ე. ჩ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2021 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და 2022 წლის 10 იანვრის ეპიზოდები) მსჯავრდებასთან მიმართებით, ხოლო სასჯელთან დაკავშირებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ე. ჩ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამავე დროს, ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
11. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
12. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე