გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-661-ა-26-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. მ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოება გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოებით განახლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით:
1) დაკმაყოფილდა მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი;
2) გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნ.მ-ესა და მ.მ-ს შორის 1999წ. 9 ოქტომბერს დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, თბილისში, ... გამოსახლებულ იქნა გ.მ-ი თანმხლებ პირებთან ერთად, აღნიშნული ბინა გადაეცა ნ.მ-ეს საკუთრებაში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელეებს _ ნ.მ-ეს, კ.ა-ესა და ზ. ა-ეს 1999წ. 6 ოქტომბერს მ.მ-თან დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე და მ.მ-ის თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში, ... გამოსახლებაზე უარი ეთქვათ;
3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართოს 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმების ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისში, ... კორპუსში მდებარე ¹18 ბინაზე ნ.მ-ესა და მ.მ-ს შორის 1999წ. 6 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მითითებული ბინის საკუთრებაში გადაცემისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ნ. მ-ის, ზ. და კ. ა-ების სარჩელი, 1999წ. 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ბინიდან თანმხლებ პირებთან ერთად მ. მ-ის გამოსახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მოცემულ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ სადავო ბინა დაუთმო შპს საამშენებლო კომპანია “კ.” იმ პირობით, რომ იგი ამ ბინის სანაცვლოდ მიიღებდა სამ ბინას: ერთ – ერთოთახიანს, ერთ – ოროთახიანს და ერთ – სამოთახიანს. სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაც მოსარჩელემ მ.მ-თან იმიტომ გააფორმა, რომ ამ ბინის სანაცვლოდ იგი ღებულობდა ზემოთ მითითებულ სამ ბინას.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბინის ნასყიდობასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა გაცვლის გარიგება. ნ.მ-ეს სურდა თავისი ბინის სანაცვლოდ მიეღო შპს საამშენებლო კომპანია “კ.” სამი ბინა, ამავე საზოგადოებისაგან კი ბინის მიღების უფლება გააჩნდა მ. მ-ს, რომელმაც ამ ბინის მიღების უფლება დაუთმო ნ.მ-ეს. ნ.მ-ემ კი თავისი ბინის დათმობის სანაცვლოდ შპს საამშენებლო კომპანია “კ.” მიიღო სამი ბინის მიღების უფლება, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა მხარეებს შორის ფაქტობრივად არსებული გაცვლის ხელშეკრულება.
2003წ. 4 ივლისს ნ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ 2002წ. 11 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
მისთვის 2003წ. 1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შპს “კ.” სარჩელი აღუძრავს მოპასუხე მ.მ-ის მიმართ 1996წ. 6 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებულია ის, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შპს “კ.” უნდა ეწარმოებინა მშენებლობა არ ეკუთვნოდა მ.მ-ს. იგი ეკუთვნოდა მის ბებიას ნ.მ-ს.
მიწის ნაკვეთი რომ არ ეკუთვნოდა მ.მ-ს ეს რომ ცოდნოდა შპს “კ.”, იგი მ.მ-თან არ გააფორმებდა ხელშეკრულებას და არ მოხდებოდა მისი ბინის გადაფორმება მ.მ-ზე.
მისი მოსაზრებით, ზემოთ მითითებული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების მიღების დროს იგი მიიღებდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, ნ.მ-ემ განცხადებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განცხადების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნ.მ-ესა და მ.მ-ს შორის დადებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა გაცვლის გარიგება. ნ.მ-ეს სურდა თავისი ბინის სანაცვლოდ მიეღო შპს საამშენებლო კომპანია “კ.” სამი ბინა, ამავე საზოგადოებისაგან ბინის მიღების უფლება გააჩნდა მ.მ-ს. ზემოთ მითითებული ე.წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით მ.მ-მა ამ ბინის მიღების უფლება დაუთმო ნ.მ-ეს, ნ.მ-ემ კი თავისი ბინა დაუთმო მ.მ-ს, რის სანაცლოდაც მიიღო შპს კომპანია “კ.” სამი ბინის მიღების უფლება.
განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დათმობის საფუძველზე მიიღო მ.მ-მა შპს “კ.” ბინის მიღების უფლება ეკუთვნოდა მ.მ-ის ბებიას საქმის განხილვის ამ სტადიაზე, არ ცვლის მ.მ-სა და ნ.მ-ის შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2002წ. 11 დეკემბერს გადაწყვეტილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. ნ.მ-ის განცხადებაში მოყვანილი საკითხი იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დათმობის ხარჯზეც მიიღო მ.მ-მა შპს “კ.” ბინის მიღების უფლება ეკუთვნოდა მის ბებიას, კავშირში არ არის ნ.მ-ესა და მ.მ-ს შორის წარმოშობილ ურთიერთობასთან. ეს საკითხი შეეხება მხოლოდ შპს “კ.” და მ.მ-ს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და იგი საქმის განხილვის ამ სტადიაზე ვერ გახდება მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოებით განახლების საფუძველი შეიძლება იყოს არა ყველა ახალი გარემოება, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განხილულ სამართლებრივ ურთიერთობას, მას არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო გადაწყვეტილებაზე, თუნდაც ეს მტკიცებულება განმცხადებელს ამ საქმის განხილვის დროს წარედგინა სასამართლო პროცესზე.
მოწონელიძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება უშუალოდ არ შეიძლება ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს იმიტომ, რომ მ-ის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეულ ფაქტს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შპს “კ.” და მ-ს შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რის თაობაზეც შპს “კ.” შეტანილი აქვს სარჩელი, მაგრამ იგი ჯერჯერობით განხილული არ არის.
ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ.მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმის განხილვის ამ სტადიაზე უსაფუძვლოა.
ასევე, უსაფუძვლოა მისი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. ამ განცხადების უსაფუძვლობა იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების შეჩერებასაც მოითხოვს განმცხადებელი, არ მიეკუთვნება იმ გადაწყვეტილებათა კატეგორიას, რომელზეც შეიძლება გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილებაზე, რომელიც აღსრულებას არ ექვემდებარება, არ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც ამ სახის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაც თავისთავად დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის განცხადებები მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოებით განახლების, ასევე ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.