საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№92აპ-24 თბილისი
ძ. მ., 92აპ-24 16 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ძ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 6 მაისს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მ. ძ-ის მიმართ გამოწერა შემაკავებელი ორდერი №- რომლითაც მას მეუღლეზე – ნ. ა-ზე – ფსიქოლოგიური ძალადობის გამო აეკრძალა ნ. ა-ის სახლთან მიახლოება, ასევე – თავად მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ. ა-ი იმყოფება. მას შემდეგ, რაც მ. ძ-ეს გაეცნო მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის არსი და განემარტა ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები, 2022 წლის 7 მაისს, დღის საათებში, იგი მივიდა თ-ში, ვ-ის მე-- მასივში, მე-- კვარტლის მე-- კორპუსის ბინა №--ში მდებარე ნ. ა-ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მ. ძ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა ლეკიაშვილი ითხოვს მ. ძ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სათანადო სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ მ. ძ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. ძ-ემ ნამდვილად არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. სადავოა მისი ქმედების ბრალეულობის საკითხი.
9. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, 112-ში შეტყობინების აუდიოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით – უტყუარადაა დადასტურებული, რომ 2022 წლის 7 მაისს, ნ. ა-ის სახლთან მისვლის დროს მ. ძ-ე იყო უგონო მდგომარეობაში. ექიმ თ. ლ-ას განმარტებით, მ. ძ-ე შემთხვევის წინა დღეს საავადმყოფოდან თვითდინებით გაეწერა, ე.ი. ჯერ კიდევ საჭიროებდა მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობით. საგულისხმოა ისიც, რომ ბრალდებული გამოიკითხა შემთხვევიდან ოთხი თვის შემდეგ, საავადმყოფოში კომური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ. აღნიშნული ფაქტი კი მიუთითებს მ. ძ-ის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე.
10. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევისას მ. ძ-ე იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას. ამასთან, არ დასტურდება, რომ მან თავი განზრახ ჩაიგდო დეფექტურ მდგომარეობაში და მისი ეს განზრახვა მიმართული იყო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა მ. ძ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ არ გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. ძ-ის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე