Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№113აპ-24 თბილისი

ხ-ი პ., 113აპ-24 23 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. ხ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 6 ივნისს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ-ში, წ-ის ქუჩის --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. ხ-მა ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის, 8 წლის დ. ხ-ის თანდასწრებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას – ა. კ-ს, კერძოდ, პ. ხ-მა ხელი ჰკრა ა. კ-ს, რომელიც მიეჯახა კარადას, შემდეგ მოჰქაჩა თმა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით პ. ხ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 8 ივნისის ჩათვლით და, საბოლოოდ, მოსახდელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 390 საათით.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა: პ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, პ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ქმედებასთან შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №439აპ-19).

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გამამართლებელი განაჩენი უკანონოა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა პ. ხ-ის მხრიდან დანაშაულის ჩადენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა პ. ხ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ. ხ-ის მიერ ა. კ-ზე ძალადობას.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს: მართალია, დაზარალებულმა ა. კ-მა დაადასტურა პ. ხ-ის მხრიდან ძალადობა, მაგრამ დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებით. ფაქტის შემსწრე მოწმეები: დ. ხ-ი და ვ. ხ. – ბრალდების მხარემ მოხსნა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან. სხვა მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობას, მათ ინფორმაცია მიიღეს ა. კ-საგან და, შესაბამისად, მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ირიბია, რაც ასევე არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

12. რაც შეეხება 2021 წლის 16 ივნისის №- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება მხოლოდ დაზიანებათა ხასიათი, ხარისხი, ლოკალიზაცია, მათი ხანდაზმულობა და არა – დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა. მართალია, ა. კ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2021 წლის 6 ივნისს, მაგრამ ამით კატეგორიულად არ დასტურდება, რომ დაზიანებები მიყენებულია ზუსტად იმ ვითარებაში, რომელიც ბრალის შესახებ დადგენილებაშია მითითებული და როგორც ამას თავად დაზარალებული აღწერს.

13. გარდა ამისა, დაზარალებულმა უარყო თავისი მხრიდან პ. ხ-თვის ჯოხის დარტყმის ფაქტი. მისი ჩვენება ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით, რომლის თანახმად, ა. კ-ი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით სწორედ პ. ხ-ზე ძალადობისათვის. საგულისხმოა, რომ ა. კ-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და თავის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს პ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და პ. ხ-ის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე