საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№40აპ-24 თბილისი
ჯ-ი ზ., 40აპ-24 17 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ჯ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 20 ნოემბერს, დილის საათებში, თ-ში, -- ქუჩის №--ში, ზ. ჯ-მა უკანონოდ, სპეციალური ნებართვის გარეშე, მოჭრა კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული ერთი ძირი კაკლისა და ორი ძირი აკაციის სახეობის, ე.წ. „გლედიჩიას“ ხე. ზ. ჯ-ის ამ ქმედებით გარემოს მიადგა 17 988 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განაჩენით ზ. ჯ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა; ზ. ჯ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი შოთა ბარამია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ჯ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. გამართლებულ ზ. ჯ-ის ადვოკატი ო. ს-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ჯ-ის საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. მიუხედავად მხარეთა მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობისა, არ დადასტურდა, რომ ზ. ჯ-მა 2022 წლის 20 ნოემბერს თავის მიწის ნაკვეთში, სპეციალური ნებართვის გარეშე, მოჭრა ორი ძირი აკაციის („გლედიჩიას“) და ერთი ძირი კაკლის ხე; ამასთან, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვლის №- წერილიდან ირკვევა, რომ, ვინაიდან ექსპერტიზისათვის უცნობია გაჩეხილი მცენარეების მდგომარეობა, სასაქონლო ექსპერტიზა ვერ დაადგენს გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას. შესაბამისად, გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენა შესაძლებელია არა ფოტომასალითა და საველე აქტით, არამედ მნიშვნელოვანია მოჭრილი მცენარეების მდგომარეობა; ასევე მნიშვნელოვანია, გაირკვეს, მოჭრილი ხეების დიამეტრი გაიზომა თუ არა ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე, როგორც ამას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №- დადგენილების დანართის მე-6 მუხლი და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მოითხოვს.
10. ამდენად, არ არსებობს სათანადო კვლევის საფუძველზე შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირთა დასაბუთებული შეფასება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. სამართლებრივად შეუძლებელია, სასამართლომ მიიჩნიოს, რომ გარემოსათვის მიყენებული ზიანი ზუსტად და უტყუარადაა განსაზღვრული თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გაცემულ, მწირი ინფორმაციის შემცველ, არაავთენტურ დოკუმენტზე დაყრდნობით.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
14. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა. ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ. ჯ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, სააპელაციო სასამართლომ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე