Facebook Twitter

¹ ა-155-ა-21-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2000წ. 26 დეკემბერს დადებული მორიგების აქტის ბათილად ცნობა და აღნიშნული აქტის დასამტკიცებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ იმავე დღეს მიღებული განჩინების გაუქმება.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ დავის სასამართლოში განხილვისას მის მეუღლეს – ნ. კ.-სა და ნ. თ.-ის წარმომადგენელ მ.გ.-ს შორის შედგა მორიგება, რომლის მიხედვით ნ. კ.-მ იკისრა ვალდებულება ნ. თ.-ისაგან ნასესხები თანხა – 5000 აშშ დოლარი _ გადაეხადა 2001წ. 26 ივნისამდე. აღნიშნული თანხის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა გატანილ იქნებოდა იძულებით აუქციონზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბინა წარმოადგენს მისი და მისი მეუღლის თანასაკუთრებას და მხოლოდ ის, რომ ბინის რეგისტრაცია განხორციელდა ნ. კ.-ის სახელზე, არ ნიშნავს იმას, რომ ბინის განკარგვის უფლება ჰქონდა მეუღლის თანხმობის გარეშე, ვინაიდან ბინის მიღება განპირობებული იყო საერთო ფაქტორით, კერძოდ, 1987 წელს ა.გ.-სა და ნ.კ.-ს შეეძინათ შვილი, რის საფუძველზეც მიიღეს სადავო ბინა, სადაც ჩაწერილი იყო ოჯახის სამივე წევრი. მოგვიანებით მოხდა ბინის პრივატიზება ნ.კ.-ის სახელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა.გ.-მ მოითხოვა მხარეებს შორის დადებული მორიგების აქტის ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით ა.გ.-ის სარჩელი 2002წ. 26 დეკემბრის მორიგების აქტის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.თ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტმა სადავოდ მიიჩნია მორიგების აღსასრულებლად იძულებით აუქციონზე გასატანი საცხოვრებელი ბინის მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობა იმ მოტივით, რომ სადავო ბინა არის მხოლოდ ნ.კ.-ის საკუთრება. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მორიგების აქტის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა სადავო ბინის იძულებით აუქციონზე გატანას. დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. თ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 26 დეკემბრის მორიგების აქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ვალის გადახდის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებით აუქციონზე ქ.ქუთაისში, ... მდებარე ბინის გატანას.

მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ა. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ა. გ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო:

ა. გ.-ი ახლად აღმოჩნილ გარემოებად მიიჩნევს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2003წ. 13 მაისს გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, საცხოვებელი ბინა მდებარე ქუთაისში, ... მიწის მართვის რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 26 დეკემბრის მორიგების აქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ვალის გადახდის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებით აუქციონზე, ... მდებარე ბინის გატანას.

ა. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა. გ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განხლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო; განმცხადებლის განმარტებით ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2003წ. 13 მაისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, უძრავი ქონება საცხოვრებელი ბინა მდებარე ქუთაისში, ... მიწის მართვის ქ.ქუთაისის სამმართველოს რეგისტრატურაში, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და საჯარო რეესტრში აღრიცხულია ნ.კ.-ის სახელზე.

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანნახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე-ვ” პუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე;

პალატა თვლის, რომ მოდავე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას წარედგინა და მიეთითებინა მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეულ მტკიცებულებაზე, რაც მისი ბრალით არ გაუკეთებია;

პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გარემოება მაინც ვერ გახდებოდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვინაიდან მის წარდგენას საქმის განხილვის დროს ვერ მოჰყვებოდა ა.გ.-ისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა;

სკ-ს 1515-ე მუხლების შესაბამისად რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდესით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებს ანხორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები; საჯარო რეესტრის სამსახურის შექმნის შემდეგ აღნიშნული სამსახური ქონების სამართლებრივი რეჟიმის რეგისტრაციას ახდენს მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე; აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმის მასალებში წარდგენილი მერიის ტერიტორიული სამსახურის ცნობის მიხედვით დადგენილად მიეჩნია, რომ სადაო სახლის მესაკუთრედ აღრიცხული იყო ნ. კ.-ი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ა. გ.-ის განცხადება სამართლებრივად უსაფუძვლოა, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რის გამოც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას;

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.