¹ ა-270-ა-22-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილების გამგის 1999წ. 28 ოქტომბრის ბრძანებით ლ. წ.-ი გათავისუფლებულ იქნა განყოფილების ზონის ინსპექტორის თანამდებობიდან შტატის შემცირების გამო.
1999წ. ნოემბერში ლ. წ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ლონდა წ.-ი აღდგენილ იქნა სამუშაოზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ 360 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილებამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა.
2003წ. ივნისში ლ. წ.-მ განცხადება შემოიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 1979წ. 29 სექტემბრის ¹06/14-627 განკარგულების შესაბამისად მისი სამუშაოდან განთავისუფლება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ფონდის იურისტებთან რაც არ განხორციელებულა. თუ აღნიშნული გარემოება ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, დაკმაყოფილდებოდა სასარჩელო მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლებს და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1999 წელს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილებაში დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგის, შესაბამისად ზონის ინსპექტორის ცხრა საშტატო ერთეულიდან შემცირებულ იქნა ერთი ერთეული.
სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილების გამგის 1999წ. 28 ოქტომბრის ¹130 ბრძანებით ლ. წ.-ი სამუშაოდან განთავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით, საკასაციო პალატის 2000წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ არსებობდა მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების კანონიერი საფუძველი.
სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 1999წ. 29 სექტემბრის ¹06/14-627 საინსტრუქციო წერილით ფონდის რაიონულ განყოფილებებს დაევალათ, რომ ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკთა დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეთანხმებული ყოფილიყო ფონდის იურისტებთან.
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ასეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ფონდის იურისტებთან მუშაკთა განთავისუფლების საკითხის შეთანხმება დავალებული იყო უკანონო დათხოვნათა თავიდან ასაცილებლად. ლ. წ.-ი განთავისუფლებულია სამუშაოდან კანონით დადგენილი ნორმების დაცვით. საინსტუქციო წერილით გათვალისწინებულ მითითებათა შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოადგენს მუშაკის სამუშაოზე აღდგენის საფუძველს.
ზემოაღნიშნული საინსტრუქციო წერილის შეუსრულებლობა ცნობილიც რომ ყოფილიყო საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, ვერ გამოიწვევდა ლ. წ.-ისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. წ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის 2000წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.