Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 1118-ა-46-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

პალატამ განიხილა კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2003წ. 4 აგვისტოს კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 ივლისის განჩინებით საბითუმო ბაზარი აღიარებული იქნა ადმინისტრაციულ ორგანოდ. ზემოთ მითითებული დავა კი განიხილა არა ადმინისტრაციულმა, არამედ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ სამოქალაქო კანონმდებლობაზე დაყრდნობით. საქმის განხილვის დროს “ს. ე. ს. ბ.”, რომ სცოდნოდა საბითუმო ბაზარი ადმინისტრაციული ორგანოა, განსჯადობის საკითხის დაყენებით საქმე გადავიდოდა ადმინისტრაციულ პალატაში და მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

კანონმდებელი ამ ნორმაში მითითებულ გარემოებებში გულისხმობს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცებულია პირველი ინსტანციის სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტში მითითებულ მტკიცებულებებში კი კანონმდებელი გულისხმობს ისეთ მტკიცებულებებს, რომლის მეშვეობითაც საქმეზე დგინდება ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის განჩინებით დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის ბოლო წინადადებაში მითითებული პირი, რომელიც ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და ამდენად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ვერ ჩაითვლება სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტში მითითებულ იმ გარემოებად და მტკიცებულებად, რომელიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 ივლისის განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ საბითუმო ბაზარი ადმინისტრაციული ორგანოა, არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას და გარემოებას, რომლითაც საქმეზე დგინდება ფაქტობრივი გარემოებები, ამიტომ განცხადებაში მოყვანილი გარემოება საფუძვლად ვერ დაედება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან იგი არ არის ახლად აღმოჩენილი არც გარემოება და არც მტკიცებულება.

სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” განცხადება უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.