გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ა-624-გან-6-03 7 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
განიხილა სს “ს.ე-ის” გენერალური დირექტორის ლ. ჭ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 მაისის განჩინების განმარტების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ 2002წ. 25 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს სს “ს.ე-ს” მოსარჩელის შპს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 310614,2 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა.
2003წ. 10 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის წარმომადგენლის დ. შ-ის განცხადების საფუძველზე გამოტანილ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ს.ე-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების სახით 5000 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2003წ. 23 მაისს მოცემულ საქმეზე გამოიტანა განჩინება, რომლითაც გაუქმებულ იქნა 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2003წ. 16 იანვარს გამოიწერა აღსრულების ფურცელი დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
განცხადების ავტორი მოითხოვს განიმარტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განჩინებით მოხდა თუ არა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2002წ. 16 იანვარს გამოტანილი დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებაც და კანონიერია თუ არა დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა, რაც იწვევს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების გაუქმებას და გამორიცხავს მათ იძულებით აღსრულებას.
აღნიშნული დაედო საფუძვლად კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასაც.
დამატებითი გადაწყვეტილება არის ძირითადი გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილი, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს, რომლის განსაზღვრა დამოკიდებულია საქმის შედეგებზე, ძირითად გადაწყვეტილებაზე. თუ არ არსებობს ძირითადი გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად უდევს სასამართლოსგარეშე ხარჯების განსაზღვრას, სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი 2003წ. 23 მაისის განჩინებით ძალა დაკარგა საოლქო სასამართლოს დამატებითმა გადაწყვეტილებამ ორი საფუძვლით: 1. მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა და გაუქმდა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება; 2. მხარეთა შორის მოხდა მორიგება, გაფორმდა მორიგების პირობები. მოცემული საქმის განხილვის შედეგი მხარეთათვის არის მხოლოდ ის, რაზეც ისინი მორიგდნენ. წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების გადახდა მხარეებს შორის შეთანხმებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 262-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ს.ე-ს” განემარტოს:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 მაისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება და გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულმა 2003წ. 16 იანვრის დამატებითმა გადაწყვეტილებამაც ძალა დაკარგა. მოცემულ საქმეზე იძულებით აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 მაისის განჩინება, თუ განჩინებით განსაზღვრული პირობები მხარეებმა ნებაყოფლობით არ აღასრულეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.