Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №22აპ-24 თბილისი
ი-ი რ., 22აპ-24 21 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ი-ის ადვოკატების – ნ. კ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ი-ს ბრალად დაედო ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ. ი-მა 2021 წლის 27 ივლისს, დაახლოებით, 03:30 საათზე, რ-ში, ა. მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, მარკეტ „ს-ის“ წინ განთავსებული, ინდივიდუალური მეწარმე დ. გ-ას კუთვნილი სანაყინე მაცივრის დაზიანებისა და მასში უკანონო შეღწევის გზით, მ. ლ-თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სცადა მაცივარში არსებული, ჯამურად – 128.10 ლარად ღირებული ნაყინის პროდუქციის დაუფლება, რა დროსაც ისინი ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით რ. ი-ი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებისათვის.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ. ი-მა 2021 წლის 27 ივლისს, დაახლოებით, 03:30 საათზე, რ-ში, ა. მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, მარკეტ „ს-ის“ წინ განთავსებული, ინდივიდუალური მეწარმე დ. გ-ას კუთვნილი სანაყინე მაცივრის დაზიანებისა და მასში უკანონო შეღწევის გზით, მ. ლ-თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სცადა მაცივარში არსებული ნაყინის დაუფლება, რა დროსაც, ისინი ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ი-ის ქმედებას, მცირე მნიშვნელობის გამო, არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (არც ასეთი ზიანის საფრთხე შეუქმნია).
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; რ. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით: პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი გაუქმდა; რ. ი-ი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ი-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2021 წლის 27 ივლისიდან იმავე წლის 28 ივლისის ჩათვლით.
7. 2023 წლის 28 ნოემბერს დააკავეს ძებნილი მსჯავრდებული – რ. ი-ი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ი-ის ადვოკატებმა – ნ. კ-ემ და გ. მ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. ი-ის გამართლებას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, რ. ი-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ი-ის ადვოკატების – ნ. კ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე