Facebook Twitter

ბს-186-176(კ-06) 3 ოქტომბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ თ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს გენერალური პროკურატურა

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 8 ნოემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ჩ-მა მოპასუხეების _ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მცხეთის რაიონული პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე 1991 წლიდან მუშაობდა მცხეთის რაიონული პროკურატურის ..... გამგედ. 2004 წლის 28 ივლისს განცხადებით მიმართა მცხეთის პროკურორს და ოჯახური მდგომარეობის გამო ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება, ხოლო მცხეთის პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹287-პ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანება თ. ჩ-ის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს მაინც არ მიეცა სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა, რადგან მის მოვალეობას 2 აგვისტოდან უკვე სხვა ასრულებდა. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა საფუძველს იყო მოკლებული, ვინაიდან არ არსებობდა სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე მისი განცხადება. იგი უბრალოდ გაეცნო ბრძანებას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესაძლო შტატების შემცირების შესახებ, მაგრამ მისი შტატი არ შემცირებულა და ..... გამგის თანამდებობა დღესაც არსებობდა. ამასთან, განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლი არ ჩაბარებია. (ს.ფ. 2)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმიდან ამოირიცხა მცხეთის რაიონული პროკურატურა. (ს.ფ. 39)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ ითხოვდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების ბათილად ცნობას, იმავე თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. (ს.ფ. 76)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს ¹1 ბრძანებით «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის «გ» და «ო» ქვეპუნქტების შესაბამისად, განხორციელდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების რეორგანიზაცია და მცხეთისა და ახალგორის რაიონული პროკურატურების გაერთიანების შედეგად შეიქმნა მცხეთის რაიონული პროკურატურა. 2004 წლის 1 ივლისს მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა საქართველოს პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მცხეთის რაიონის პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹176-პ ბრძანებით «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა მცხეთის რაიონული პროკურატურის ...... გამგის მოვალეობის შესრულება. «რაიონული (საქალაქო) პროკურატურების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 26 აგვისტოს ¹306 ბრძანებით მცხეთის რაიონულ პროკურატურაში განისაზღვრა 12 საშტატო ერთეული, მათ შორის, .... გამგის ერთი საშტატო ერთეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განხორციელდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების, მათ შორის, მცხეთის რაიონული პროკურატურის რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და გენერალურმა პროკურორმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით გამოსცა თ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება. აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება წარმოადგენდა პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის წინაპირობას. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობდა პროკურატურიდან დათხოვნის ხსენებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკისათვის უნდა შეეთავაზებინათ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქმეში არსებული გენერალური პროკურორის 2004 წლის 26 აგვისტოს ¹312-პ ბრძანებით დგინდებოდა, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის ..... უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა თ. ბ-ი და ამდენად, 2004 წლის 4 ნოემბრისათვის მცხეთის რაიონულ პროკურატურაში არ არსებობდა ..... გამგის ვაკანტური საშტატო ერთეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განაცდური ხელფასის ანაზღაურების წინაპირობებიც (ს.ფ. 82-84).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩუ-მა და მოითხოვა მცხეთის რაიონის პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹176-პ §479 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა (ს.ფ. 87-89).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე აპელანტმა თავის მოთხოვნად განსაზღვრა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹48 ბრძანების მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 112, 114).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ თ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის2004 წლის 4 ნოემბრის ბრძანება გამოცემული იყო მისი უფლებამოსილების ფარგლებში, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად და ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან სადავო არ იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურების, მათ შორის, მცხეთის რაიონული პროკურატურის რეორგანიზაციის შედეგად მოხდა შტატების შემცირება. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობდა პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკისათვის უნდა შეეთავაზებინათ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ჩ-ის გათავისუფლებისას არ იყო დარღვეული ზემოაღნიშნული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან იგი მავალდებულებელ ხასიათს იძენდა ერთი პირობის არარსებობისას, ანუ თუ არ არსებობდა პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შტატების შემცირების საფუძვლით. (ს.ფ. 118-123).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹176-პ §479 ბრძანების და მისი შედეგების ბათილად ცნობა, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო საჩივრით იგი ითხოვდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობას. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე მის განთავისუფლებას საფუძვლად ედო 2004 წლის 1 ივლისის გაფრთხილება საქართველოს პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ. აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო განთავისუფლების საფუძველი, რამდენადაც საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს ¹1 ბრძანებით განხორციელდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნა 25 რაიონული პროკურატურა, თუმცა ამ ბრძანების გამოცემამდე იგი უკვე განთავისუფლებული იყო სამსახურიდან ზემოაღნიშნული საფუძვლით

სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში მიუთითებდა, რომ იგი სასარჩელო განცხადებით ითხოვს საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების მისი გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზრაურებას. სასარჩელო განცხადებით იგი ითხოვდა, რომ 2004 წლის 2 აგვისტოს გაათავისუფლეს მცხეთის რაიონის პროკურატურის .... გამგის თანამდებობიდან და ექვემდებარებოდა სამსახურში აღდგენას.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო გენერალური პროკურორის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹287-პ §1 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანება. სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ გაურკვევია, რის საფუძველზე ასრულებდა თ. ბ-ი 2 აგვისტოდან 26 აგვისტომდე მცხეთის რაიონული პროკურატურის .... გამგის მოვალეობას და შესაბამისად, რის საფუძველზე იყო თ. ჩ-ი გათავისუფლებული სამსახურიდან, მაშინ როცა, მცხეთის რაიონული პროკურატურის საშტატო ნუსხა დამტკიცდა მხოლოდ 2004 წლის 26 აგვისტოს ¹306 §3 ბრძანებით. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებაზე და არა სისტემიდან დათხოვნის ბრძანების თაობაზე, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (ს.ფ. 128-130).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე თ. ჩ-ის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც კადრების განკარგულებაში მყოფი დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან. აღნიშნული მოთხოვნა დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში, როგორც მისი საბოლოო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (ს.ფ. 112, 114). სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, იმსჯელა სწორედ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის აღნიშნული ¹448 ბრძანების კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ იგი სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა გენერალური პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად, მის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს გენერალური პროკურორის სწორედ 2004 წლის 4 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ზემოაღნიშნული ოქმი მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და მასში დაფიქსირებული ახსნა-განმარტებები იურიდიული ძალის მქონეა. მოსარჩელეს ასევე სადავოდ არ გაუხდია არც საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი, სადაც ასევე მის მოთხოვნად დაფიქსირებულია გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა (ს.ფ. 80). მიუხედავად იმისა, რომ კასატორს საკასაციო სასამართლოს მიერ მიეცა ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად, კასატორს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა არც ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებია.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ბრძანება და 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანება სრულიად სხვადასხვა სამართლებრივი შინაარსის მატარებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და შესაბამისად, ერთის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ გულისხმობს მეორის ბათილად ცნობის მოთხოვნასაც. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც განთავისუფლდა მცხეთის რაიონული პროკურატურის ..... გამგის თანამდებობიდან, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა მცხეთის რაიონული პროკურატურის ..... გამგის მოვალეობის შესრულება. ამასთან, საკასაციო საჩივარი მთლიანად ემყარება აღნიშნული ბრძანების სამართლებრივი საფუძვლების შეფასებას და მის კრიტიკას.

საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრების სხვა საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიტივების არსებითი კანონსაწინააღმდეგობის დასაბუთებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და შებოჭილია ამ ფარგლებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას, იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალურ კანონიერებაზე, რომლის თაობაზეც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრების საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო ასევე მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით იმსჯელოს სარჩელზე შეცვლილი დავის საგნის ფარგლებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ განახორციელა საკასაციო საჩივრის სწორად წარდგენის საპროცესო მოვალეობა და ამ თვალსაზრისით მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა. სასარჩელო მოთხოვნების, ისევე როგორც სააპელაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის განაცხადისა და საფუძვლების სწორად განსაზღვრა და დასაბუთება მოსარჩელის მოვალეობაა და შესაბამისად, მასვე აკისრია აღნიშნული მოვალეობის ჯეროვანი შეუსრულებლობიდან გამომდინარე რისკიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საპროცესო ნორმების დარღვევა, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა იმ მოთხოვნის ფარგლებში, რასაც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაუჭირა მხარი და რაც განხილული ჰქონდა საქალაქო სასამართლოს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.