Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1262აპ-23 თბილისი
მ. ჯ., 1262აპ-23 14 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. მ-ისა და მისი ადვოკატის, თ. კ-ის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. მ-ეს ბრალად დაედო:
• განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი);
• განზრახ მკვლელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2021 წლის 3 იანვარს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ბ-ში, ე.წ. -- გ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში, ლ. მ-ე, ჯ. მ-ე, ჯ. მ-ე და გ. ბ-ე წარსულში არსებული უთანხმოების გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ლ. და ჯ. მ-ეები დაბრუნდნენ ე.წ. - №--ში მდებარე ლ. მ-ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ სახლთან მალევე მივიდნენ: გ. ბ-ე, გ. ა. და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. ჯ. მ-ეს, გ. ა-ესა და გ. ბ-ეს შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ჯ. მ-ემ, თანნაქონი დანის გამოყენებით, ორი პირის – გ. ბ-ისა და გ. ა-ის განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ა-ეს მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სამი ჭრილობა, ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით; გ. ბ-ეს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ჭრილობა. გ. ბ-ე საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ. ა-ე დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც, ჯ. მ-ემ განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა;
o 2021 წლის 3 იანვარს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ბ-ში, ე.წ. -- გ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში, ლ. მ-ე, ჯ. მ-ე, ჯ. მ-ე და გ. ბ-ე წარსულში არსებული უთანხმოების გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ლ. და ჯ. მ-ეები დაბრუნდნენ ე.წ. -- №--ში მდებარე ლ. მ-ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ სახლთან მალევე მივიდნენ: გ. ბ-ე, გ. ა-ე და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. ჯ. მ-ეს, გ. ა-ეს და გ. ბ-ეს შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ჯ. მ-ემ, თანნაქონი დანის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ბ-ეს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. ბ-ე მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის პირველი ოქტომბრის განაჩენით:
§ ჯ. მ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
§ ჯ. მ-ე, -ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 108-ე მუხლით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. მ-ეს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 4 იანვრიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
o 2021 წლის 3 იანვარს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ბ-ში, ე.წ. -- გ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში, ლ. მ-ე, ჯ. მ-ე, ჯ. მ-ე და გ. ბ-ე წარსულში არსებული უთანხმოების გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ლ. და ჯ. მ-ეები დაბრუნდნენ ე.წ. -- №--ში მდებარე ლ. მ-ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ სახლში მალევე მივიდნენ: გ. ბ-ე, გ. ა-ე და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. გ. ბ-ემ და დაუდგენელმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა დაუწყეს ჯ. მ-ესა და მის დედას – მ. მ-ეს, რა დროსაც ჯ. მ-ემ ოთახში მდებარე სამზარეულოს მაგიდაზე არსებული დანის გამოყენებით გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა გ. ბ-ეს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა;
o 2021 წლის 3 იანვარს, ბ-ში, ე.წ. - №--ში მდებარე ლ. მ-ის საცხოვრებელ სახლში გ. ბ-ესთან ერთად მივიდნენ გ. ა-ე და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაუწყეს ჯ. მ-ესა მ. მ-ეს. ჯ. მ-ემ ოთახში მდებარე სამზარეულოს მაგიდაზე არსებული დანის გამოყენებით გ. ა-ეს მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სამი ჭრილობა ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის პირველი ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ø ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ჯ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრა;
Ø მსჯავრდებულ ჯ. მ-ის ადვოკატმა თ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი განაჩენის მიღება, რომელიც შეამსუბუქებდა ჯ. მ-ის სამართლებრივ მდგომარეობას. ადვოკატმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა; ხოლო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ჯ. მ-ემ და მისმა ადვოკატმა, თ. კ-ემ, საბოლოოდ დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს ჯ. მ-ისათვის სასჯელის შემსუბუქება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის პირველი ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ჯ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. მ-ეს განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 4 იანვრიდან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. მ-ემ და მისმა ადვოკატმა, თ. კ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ჯ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 108-ე მუხლით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ჯ. მ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე, სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
11. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. მ-ისა და მისი ადვოკატის, თ. კ-ის, საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე