Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ



საქმე №158აპ-24 თბილისი
ხ. მ., 158აპ-24 29 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით მ. ხ., -ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 2 სექტემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ხ-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

• 2023 წლის 1 სექტემბერს საქართველოს შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე- სამმართველოს გამომძიებელმა მ. ხ-ის მიმართ გამოსცა №- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მ. ხ-ეს 30 დღით აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი – შ. დ-ე; ასევე, მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფებოდა; მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ მ. ხ-ე გაფრთხილებულ იქნა, შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის პერიოდში, 2023 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით, 08:30 საათზე, იგი მივიდა თ-ში, ფ. --ის - მე-- კორპუსის ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მსხვერპლი – შ. დ-ე – ცხოვრობდა, რითიც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა ლ. ნ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილება და მ. ხ-ისათვის სასჯელის სახედ დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შემამსუბუქებელი მდგომარეობების გათვალისწინებით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).

8. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, დანაშაულის ჩადენა გირაოს პირობებში, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები და სამართლიანად განუსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შერჩეული სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი შეცვლა სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



ნ. სანდოძე