საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1277აპ-23 თბილისი
მ-ი ს., 1277აპ-23 21 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ ს. მ-ის ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
• ს. მ-ს ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება;
• გ. ბ-ს ბრალად დაედო საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება; მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა;
• ლ. მ-ს, გ. ფ-სა და გ. ბ-ს ბრალად დაედოთ ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o ს. მ-მა, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 7.65 მმ კალიბრიანი „Browining-ის“, „BERETTA-ს“, „CZ 27-ის“, „CZ 50-ის“, „CZ 83-ის“, „ASTRA MODEL 4000-ის“, „ASTRA MODEL 1911-ის“, „STAR MODEL BM-ის“, „STAR MODEL 14-ის“ მოდელების პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული, „Browining-ის“ 1900 წლის ნიმუშის, 7.65 მმ კალიბრიანი 9 ვაზნა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ს. მ-ი აღნიშნულ იარაღსა და ვაზნებს უკანონოდ ინახავდა და ატარებდა თ-ში, შ-ის ქუჩის №--თან პოლიციის ადმინისტრაციული შენობისა და რესტორან „მ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, იმავე დროს, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ა. ჩ-ეს, კერძოდ, ორი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში;
o 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თ-ში, შ-ის ქუჩის №--თან, პოლიციის ადმინისტრაციული შენობისა და რესტორან „მ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ-მა უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა 7.65 მმ კალიბრიან „Browining-ის“, „BERETTA-ს“, „CZ 27-ის“, „CZ 50-ის“, „CZ 83-ის“, „ASTRA MODEL 4000-ის“, „ASTRA MODEL 1911-ის“, „STAR MODEL BM-ის“, „STAR MODEL 14-ის“ მოდელების პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ, „Browining-ის“ 1900 წლის ნიმუშის, 7.65 მმ კალიბრიან 9 ვაზნას, რომლებიც, იმავე დროს, თ-ში, შ-ის ქუჩის №-ში მდებარე რესტორან „მ-ში“, რესტორნის თანამშრომელ ნ. გ-ზე უკანონოდ გაასაღა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად;
o 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თ-ში, შ-ის ქუჩის №--თან, პოლიციის ადმინისტრაციული შენობისა და რესტორან „მ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. მ-ის მიერ ა. ჩ-ის დაჭრის შემდეგ, გ. ბ-მა, რომელიც შეესწრო მძიმე დანაშაულს, წინასწარ შეუპირებლად დაფარა ქმედება, კერძოდ: დანაშაულის დაფარვის მიზნით ს. მ-ს გამოართვა და შემთხვევის ადგილიდან გადამალა მის საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 7.65 მმ კალიბრიანი „Browining-ის“, „BERETTA-ს“, „CZ 27-ის“, „CZ 50-ის“, „CZ 83-ის“, „ASTRA MODEL 4000-ის“, „ASTRA MODEL 1911-ის“, „STAR MODEL BM-ის“, „STAR MODEL 14-ის“ მოდელების პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული, „Browining-ის“ 1900 წლის ნიმუშის, 7.65 მმ კალიბრიანი 9 ვაზნა;
o 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თ-ში, შ-ის ქუჩის №--თან, პოლიციის ადმინისტრაციული შენობისა და რესტორან „მ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ-მა, ლ. მ-მა და გ. ფ-ამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ს. მ-ს, რის შემდეგაც, თანმხლებ პირებთან ერთად, კვლავ ცდილობდნენ ს. მ-ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცა ადგილზე შეკრებილმა ხალხმა. ლ. მ-ის, გ. ბ-ისა და გ. ფ-ას მიერ ჩადენილი ძალადობრივი და აგრესიული ქმედებით, რაც გაგრძელდა, დაახლოებით, 10-15 წუთს, უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, შეფერხდა შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნის, მაღაზიებისა და აფთიაქების ნორმალური ფუნქციონირება, გადაიკეტა სამანქანო მოძრაობა და გზაზე შეიზღუდა გადაადგილება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით:
• ს. მ-ი, - -, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. მ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განაჩენით მისთვის შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა – 500 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. მ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან;
• გ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებებისათვის;
• გ. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან;
• ლ. მ-ის, გ. ფ-ასა და გ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე;
• ლ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან
• გ. ფ-ა,, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან;
• გ. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ø თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა ბარამიამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ს. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით; გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებითა და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო გ. ფ-ას, გ. ბ-ისა და ლ. მ-ის დამნაშავეებად ცნობა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მსჯავრდებულთათვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა;
Ø მსჯავრდებულ ს. მ-ის ადვოკატებმა – მ. კ-მ და რ. ა-მა, რომლებმაც მოითხოვეს ს. მ-ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდებისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით: ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი ს. მ-ის მიმართ შეიცვალა, ხოლო გ. ბ-ის, გ. ფ-ას, ლ. მ-ისა და გ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად, კერძოდ:
• ს. მ-ის ქმედება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
• ს. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. მ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განაჩენით მისთვის შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა – 500 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. მ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან.
• გ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებებისათვის;
• გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან;
• ლ. მ-ის, გ. ფ-ასა და გ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე;
• ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან;
• გ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან;
• გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ივლისიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
Ø თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა ბარამიამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებითა და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო გ. ფ-ას, გ. ბ-ისა და ლ. მ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მსჯავრდებულთათვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას;
Ø მსჯავრდებულ ს. მ-ის ადვოკატმა, რ. ა-მა, რომელიც ითხოვს ს. მ-ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდებისათვის.
7. მსჯავრდებულების – გ. ფ-ასა და გ. ბ-ის ადვოკატი თ. ნ-ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დაუშვას პროკურორის საჩივარი გ. ფ-ასა და გ. ბ-ის მიმართ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ბ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო ლ. მ-ის, გ. ფ-ასა და გ. ბ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ს. მ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
12. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ ს. მ-ის ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე