Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1380აპ-23 თბილისი

ა-ი მ., 1380აპ-23 5 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ის ადვოკატ ფ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განაჩენით მ. ა-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: გ. შ-ი, ა. ჯ-ი, ო. შ-ი, ვ. წ-ი, გ. ლ-ი, შ. გ-ე, დ. ქ-ი, რ. ჩ-ი, შ. მ-ი, ი. ჯ-ი, ვ. ქ-ე, თ. ჩ-ი, ი. ს-ე და მ. გ-ე.

2. განაჩენის მიხედვით, მ. ა-ს მსჯავრად დაედო თაღლითობაში დახმარება, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: თ. გ-ემ განიზრახა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 2500 მ2 მიწის ნაკვეთს. ამ მიზნით 2020 წლის 2 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტანა განცხადება, აღნიშნული უძრავი ქონების თავის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. მან განცხადებაში მოტყუებით მიუთითა, თითქოს 2500 მ2 მიწის ნაკვეთი მასზე გაცემული იყო 2007 წლის 20 სექტემბრამდე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. 2020 წლის 8 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარდგენილი დოკუმენტები, ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების მიზნით, გააგზავნა მ-ის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შემდეგაც თ. გ-ეს დაუკავშირდა ს-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მ-ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთი უნდა დაეთვალიერებინათ, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელს დასჭირდებოდა სამი მოწმე. თ. გ-ემ მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლებასა და ამ მიზნით მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად დახმარება სთხოვა მ. ა-ს და სხვა ნაცნობებს, რომელთა მონაწილეობითაც 2020 წლის 16 დეკემბერს ს-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მ-ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა შეადგინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმი, რომელშიც არასწორად მიეთითა, თითქოს 2500 მ2 მიწის ნაკვეთი თ. გ-ეზე გაცემული იყო საკარმიდამოდ. ოქმი ხელმოწერებით დაადასტურეს ნაკვეთის დათვალიერების მონაწილე პირებმა. 2021 წლის 18 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თ. გ-ის სახელზე დაარეგისტრირა მითითებული – 2500 მ2 მიწის ნაკვეთი. თ. გ-ე ჩამოთვლილი დანაშაულებრივი ქმედებებით, მ. ა-ისა და დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა 413550 ლარად ღირებულ 2500 მ2 მიწის ნაკვეთს, რის შედეგადაც დაზარალებულს – სახელმწიფოს, მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულებისა და მათი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა-ის ადვოკატმა – ფ. მ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობას. ადვოკატმა ასევე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და ითხოვს: საპატიოდ ჩაეთვალოს ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით გრაფიკული ექსპერტიზის განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩატარების მოთხოვნა და სასამართლომ უზრუნველყოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის დედნის შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-თვის“ გადაგზავნა.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი გიორგი ლილუაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს მსჯავრდებულ მ. ა-ის ადვოკატის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განაჩენი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, მ. ა-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის – მიწის ნაკვეთების დათვალიერების ოქმის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში გადაგზავნის შესახებ დაცვის მხარის მოთხოვნაზე უარი, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

10. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ა-ის ადვოკატ ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე