Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1430აპ.-23 თბილისი

ბ-ი შ., №1430აპ.-23 17 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას, მსჯავრდებულ შ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ-ის, ასევე – მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, შ. ბ-სა და გ. გ-ს ბრალად დაედოთ: ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილები).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· შპს “ჩ----იის“ დირექტორმა შ. ბ-მა, რომელიც თავის მიერ დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას, 2020 წლის 21 აგვისტოს, შპს “თ----ს“ სახელით, სოციალურ ქსელ “ფ----ი“ განათავსა განცხადება, რომლის თანახმად, 2020 წლის 23 აგვისტოს დაიგეგმა სამოგზაურო ტური „თ---ი“. შ. ბ-ი, რომელსაც თავის მიერ ორგანიზებულ ტურში მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდა, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, მგზავრთა ტრანსპორტირებაზე შეუთანხმდა ნაცნობს, ინდივიდუალურ მეწარმე გ. გ-ს, რომელიც თავის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა ტრანსპორტით მომსახურებას. თავის მხრივ, გ. გ-ი, როგორც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე პირი, პასუხისმგებელი იყო ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე. მიუხედავად ამისა, გ. გ-მა შ. ბ-ის მიერ ორგანიზებულ ტურში გაუშვა თავის საკუთრებაში არსებული, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ----, რომელიც იყო ტექნიკურად გაუმართავი, კერძოდ: ავტომანქანას კანონით დადგენილ ვადაში არ ჰქონდა გავლილი ტექნიკური ინსპექტირება; გააჩნდა გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა; მასში კუსტარული წესით, დაბალი სიმტკიცით იყო დამაგრებული ღვედები; კუსტარულად იყო დამატებული სავარძლები, რის გამოც, მგზავრთა რაოდენობა აღემატებოდა მოცემული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებულ რაოდენობას, კერძოდ, ნაცვლად 15+1-ისა, მიკროავტობუსში განთავსებული იყო 19+1 სამგზავრო სავარძელი.

· შ. ბ-მა, რომელსაც ევალებოდა, საექსპლუატაციოდ არ გაეშვა ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი, უგულებელყო აღნიშნული და 2020 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, თბილისიდან -ში თავის მიერ ორგანიზებულ ტურში ზემოაღნიშნული, გ. გ-ის მიერ მიქირავებული, „მერსედესის“ მარკის ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსით გაამგზავრა დაშვებულ რაოდენობაზე მეტი – მძღოლი ა. ა-ი და 19 მგზავრი.

· იმავე დღეს, უკან დაბრუნებისას, დაახლოებით, 17:00 საათზე, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟ-------------ის საავტომობილო გზაზე, შ-დან თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, სახიფათო მოსახვევში, ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის, მწყობრიდან გამოსული სამუხრუჭე სისტემისა და გადატვირთულობის გამო, მიკროავტობუსი შეეჯახა გზის გვერდულაზე მდგარ „ტოიოტა რავ 4“ მარკის ავტომობილს და, დაახლოებით, 60 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

· შესაბამისად, შპს “ჩ----იის“ დირექტორმა შ. ბ-მა და ინდივიდუალურმა მეწარმე გ. გ-მა დაარღვიეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება – „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ----, რასაც შედეგად მოჰყვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:

გ. გ-ი, , ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 23 თებერვლიდან.

შ. ბ-ის, –ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. შ. ბ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 23 თებერვლიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ბ-მა ჩაიდინა გულგრილობა, ე.ი. ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· შპს “ჩ----იის“ დირექტორმა შ. ბ-მა, რომელიც თავის მიერ დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას, 2020 წლის 21 აგვისტოს, შპს “თ----ს“ სახელით, სოციალურ ქსელ “ფ----ი“ განათავსა განცხადება, რომლის თანახმად, 2020 წლის 23 აგვისტოს დაიგეგმა სამოგზაურო ტური “თ---------ი“. შ. ბ-ი, რომელსაც თავის მიერ ორგანიზებულ ტურში მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდა, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, მგზავრთა ტრანსპორტირებაზე შეუთანხმდა ნაცნობს, ინდივიდუალურ მეწარმე გ. გ-ს, რომელიც თავის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა ტრანსპორტით მომსახურებას. თავის მხრივ, გ. გ-ი, როგორც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე პირი, პასუხისმგებელი იყო ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე. მიუხედავად ამისა, გ. გ-მა შ. ბ-ის მიერ ორგანიზებულ ტურში გაუშვა თავის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ----, რომელიც იყო ტექნიკურად გაუმართავი, კერძოდ: ავტომანქანას კანონით დადგენილ ვადაში არ ჰქონდა გავლილი ტექნიკური ინსპექტირება; გააჩნდა გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა; მასში კუსტარული წესით, დაბალი სიმტკიცით იყო დამაგრებული ღვედები; კუსტარულად იყო დამატებული სავარძლები, რის გამოც მგზავრთა რაოდენობა აღემატებოდა მოცემული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებულ რაოდენობას, კერძოდ, ნაცვლად 15+1-ისა, მიკროავტობუსში განთავსებული იყო 19+1 სამგზავრო სავარძელი.

· 2020 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, თბილისიდან -ში შ. ბ-ის მიერ ორგანიზებულ ტურში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების უხეში დარღვევით, გ. გ-ის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ მარკის ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსით გაიგზავნა დაშვებულ რაოდენობაზე მეტი – 19 მგზავრი – და მძღოლი ა. ა-ი. იმავე დღეს, უკან დაბრუნებისას, დაახლოებით, 17:00 საათზე, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟ-------------ის საავტომობილო გზაზე, შ-დან თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, სახიფათო მოსახვევში, ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის – მწყობრიდან გამოსული სამუხრუჭე სისტემისა – და გადატვირთულობის გამო, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ----, შეეჯახა გზის გვერდულზე მდგარ „ტოიოტა რავ 4“ მარკის ავტომობილს და, დაახლოებით, 60 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რასაც შედეგად მოჰყვა 17 ადამიანის: მძღოლ ა. ა-ის, მგზავრების – დ. ს-ის, ს. გ-ის, თ. შ-ის, თ. შ-ის, ქ. ზ-ის, ლ. ა-ის, მ. გ-ის, ხ. მ-ის, ი. მ-ის, ხ. ზ-ის, ნ. ყ-ის, ნ. ყ-ის, მ. მ-ის, მ. დ-ის, მ. კ-სა და ე. ბ-ოს გარდაცვალება, ხოლო სამმა მგზავრმა – ხ. დ-მა, ნ. თ-ემ და ხ. ა-მა – მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

8. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და სასამართლომ იგი განიხილოს ზეპირი მოსმენით; ასევე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს: გ. გ-ი და შ. ბ-ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით და ამ მუხლის სანქციის ფარგლებში განესაზღვროთ მკაცრი და სამართლიანი სასჯელები.

9. მსჯავრდებულ შ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და შ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

10. მსჯავრდებული გ. გ-ი და ადვოკატი პ. მ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად ქმნის იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის შეცვლის (ბრალდების მხარის შემთხვევაში), ასევე – გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის (დაცვის მხარის შემთხვევაში) მოთხოვნებით სააპელაციო სასამართლოს საჩივრებით მიმართეს იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა და ყველა საკითხი, რომელიც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ, არ საჭიროებს გამეორებას.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, სატრანსპორტო საშუალებისა და მიკროავტობუსის დეტალების ამოღების ოქმები და სხვა მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც შ. ბ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებიდან გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნულით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას – მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

14. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების: გ. გ-ისა და შ. ბ-ის – უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

15. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში – შეცვალოს საქმის შედეგი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009, „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

16. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება მსჯავრდებულთა ქმედებების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებაზე, სარწმუნოობასა და საკმარისობაზე, ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას კასატორები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.

18. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო, ასევე – პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათი როლი ჩადენილ დანაშაულში, დანაშაულთა მასშტაბი, მიყენებული ზიანი და, ბრალის ხარისხის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ბ-სა და გ. გ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები. ამასთან, სასამართლომ იმსჯელა დანიშნული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე – საკასაციო საჩივრების ყველა არგუმენტს (რომლებიც სააპელაციო საჩივრებშიცაა ჩამოყალიბებული) უპასუხა ამომწურავად და დასაბუთებულად.

20. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით, ხოლო შ. ბ-ის ბრალეულობა – სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

21. ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას, მსჯავრდებულ შ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ-ის, ასევე – მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე