Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№208აპ-24 თბილისი

გ-ა მ., 208აპ-24 4 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. გ-ას ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის ნოემბერში მ. გ-ამ მოატყუა რ. ჯ-ა, რომ, თითქოს, ქ. ჩ-ში, თ-ს ქუჩის №-ში მდებარე, 1000 ლარად შეფასებული ი. უ-ას კუთვნილი ჯიხური ეკუთვნოდა მას და მიჰყიდდა 150 ლარად. რ. ჯ-ასა და მ. გ-ას შორის შემდგარი შეთანხმების შემდეგ მ. გ-ამ საკუთრებაში გადასცა რ. ჯ-ას. 2021 წლის 16 ნოემბერს რ. ჯ-ამ წაიღო აღნიშნული ჯიხური. შესაბამისად, დადგინდა, რომ მ. გ-ა, როგორც შუალობითი ამსრულებელი, რ. ჯ-ას მეშვეობით, მესაკუთრისაგან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი. უ-ას კუთვნილ ჯიხურს, რითიც დაზარალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. გ-ა, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა შორენა გვილავამ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის განაჩენის გაუქმება, მ. გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

6. გამართლებულ მ. გ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის დებულებებზე, რომლებიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა მ. გ-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მ. გ-ას ჩვენებითა და სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით, უტყუარად დადასტურდა, რომ ჯიხური მ. გ-ამ ი. უ-ას გადასცა მფლობელობაში და არა – საკუთრებაში. შესაბამისად, ბრალდებულს არ მოუტყუებია რ. ჯ. ჯიხურის მესაკუთრის ვინაობის თაობაზე.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. გ-ას მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე