Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №123აპ-24 თბილისი

გ-ი ხ., 123აპ-24 3 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით ხ. გ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რამაც შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 4500 ლარი – და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 14 თებერვლიდან; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები – 10 წლით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. გ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:

· ხ. გ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 13,279156 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები. აქედან 6,6839 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც 2023 წლის 14 თებერვალს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ს-ოს რაიონში, თ-დან სოფელ ი-ოს შესასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ხ. გ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 6,595256 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ხ. გ-მა უკანონოდ შეინახა ს-ში, სოფელ ლ-ში, მე-- ქუჩის მე-- ჩიხის №--ში მდებარე სახლში, რაც 2023 წლის 14 თებერვალს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

5. კასატორი – მსჯავრდებული ხ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ითხოვს 203 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმებას, რაც ტექნიკურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს. სასამართლო იმსჯელებს ხ. გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ხ. გ-ის მოთხოვნას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების – ო. ჩ-ს, გ. ქ-ის, მ. მ-ის, შ. პ-ის, ე. გ-ის, რ. ა-ის, ნ. თ-ასა და სხვათა – ჩვენებები, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 15 თებერვლის - დასკვნა, ვიდეოჩანაწერები და საქმეში არსებული სხვა მასალები. კასატორის მოსაზრება, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები საეჭვოა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არ არის მისი კუთვნილება, რომ მას მითითებული ნარკოტიკები პოლიციელებმა ,,ჩაუდეს“, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ხ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტროსასწორი, რომელზეც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებების კვალი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია და სრულად აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. ამასთან, თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმე პოლიციელთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია სხვა წერილობით მტკიცებულებებთან. გარდა ამისა, მსჯავრდებული ვერ უთითებს პოლიციის თანამშრომელთა პირადი დაინტერესების ან სხვა სუბიექტური მოტივის განმაპირობებელ რაიმე გარემოებაზე. ჩხრეკებისა და სხვა საპროცესო მოქმედებებისას არ იკვეთება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტიც.

10. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ, მთლიანად აღებული, რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, არ არსებობს პოლიციის მუშაკების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, მსჯავრდებულის პოზიცია, რომ, თითქოსდა, ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნოდა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.

11. რაც შეეხება მსჯავრდებულის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღების უფლების შეზღუდვისა და, შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ 2023 წლის 16 ივნისს მოსამართლის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის, წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობის გამო საქმის განმხილველმა მოსამართლემ ბრალდებული ხ. გ-ი გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, მაგრამ ამით არ შეზღუდულა მისი უფლებები და არც შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულა, რადგან ბრალდებულის უფლებების დაცვას საქმის განხილვის დროს ახორციელებდა მისი ინტერესების დამცველი, კვალიფიციური ადვოკატი ა. დ..

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სისხლის სამართალწარმოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრალდებულის დასწრება მის მიმართ წარმოებულ სასამართლო განხილვაზე (Lala v. the Netherlands, no. 14861/89, §33, ECtHR, 22/09/1994; Poitrimol v. France, no. 14032/88, §35, ECtHR, 23/11/1993; De Lorenzo v. Italy (dec.), no. 69264/01, ECtHR,12/02/2004). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დასწრების უფლების უზრუნველყოფა – თავდაპირველი სასამართლო განხილვის თუ განაჩენის გადასინჯვისას – მე-6 მუხლის ერთ-ერთ არსებით მოთხოვნას მიეკუთვნება (Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, § 58, ECtHR, 18/10/2006; Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, § 56, ECtHR, 24/03/2005).

13. იმავდროულად, ,,მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებისთვის აუცილებელია ღირსების, ქცევის წესების დაცულობა და წესრიგი სასამართლო დარბაზში იყოს სასამართლო პროცესის დამახასიათებელი ნიშანი. ბრალდებულის მიერ სათანადო ქცევის ელემენტარული სტანდარტების აშკარა უგულებელყოფა არც შეიძლებოდა და არც უნდა ყოფილიყო შეწყნარებული“ (Ananyev v. Russia, no. 20292/04, § 44, ECtHR, 30/07/2009; Idalov v. Russia[GC], no. 5826/03, §176, ECtHR, 22/05/2012). ამასთან, საქმის განხილვა გაგრძელდა იმავე წლის 19 ივნისს, როდესაც მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა ბრალდებულ ხ. გ-ის სასამართლო სხდომაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

14. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ, მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, გამოძიების პერიოდში არ მიეცა სრული და ობიექტური ჩვენების მიცემის შესაძლებლობა. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. 2023 წლის 19 ივნისს ბრალდებული ხ. გ-ი სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხა მოწმედ, რა დროსაც მან მისცა ჩვენება საქმის გარემოებების თაობაზე და მიეცა შესაძლებლობა, სრულყოფილად მიეწოდებინა სასურველი ინფორმაცია სასამართლოსათვის. ამდენად, არც ამ კუთხით დარღვეულა მისი უფლებები.

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხ. გ-ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს მსჯავრდებული ხ. გ-ი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარადაა დადასტურებული ხ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რისთვისაც მას განესაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ხ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე