Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ა-626-ბ-34-03 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 ივლისის განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. კ-ის სარჩელი გ. ლ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

გ. ლ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც კვლავ დაკმაყოფილდა სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

გ. ლ-ი ითხოვს საკასაციო პალატის განჩინების აღსრულების შეჩერებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, იმ საფუძვლით, რომ არ მიუღია შეტყობინება ზეპირი განხილვის გარეშე საქმის განხილვის შესახებ. განმცხადებელი მიუთითებს, რომ დარღვეული იქნა სსკ-ს 408-ე მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ლ-ის განცხადება არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო სასამართლოს საქმის განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

საკასაციო პალატა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ. ლ-ს არ ეცნობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე, ან თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

სასამართლოს მიერ მხარისათვის წინასწარ შეუტყობინებლად საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ლ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.