საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №156აპ-24 თბილისი
კ. ზ., 156აპ-24 3 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით ზ. კ-ა, -ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრისა და 2020 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდები) – თითოეული ეპიზოდისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. კ-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2020 წლის 27 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით (5 დღე) პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ. კ-ას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 საათით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. კ-ამ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2019 წლის იანვრის ბოლოს ქ. რ-ში, მ. ა. - დასახლების №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა ზ. კ-ამ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, ყოველგვარი მოტივის გარეშე, იძალადა მეუღლეზე – ნ. ზ-ზე, კერძოდ, ხის ნაჭერი დაარტყა წელის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის დეკემბრის ბოლოს ქ. რ-ში, - დასახლების №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა ზ. კ-ამ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, ყოველგვარი მოტივის გარეშე, არასრულწლოვანი შვილის, 2011 წელს დაბადებული გ. კ-ას თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე – ნ. ზ-ზე, კერძოდ, თმებით გადმოათრია საწოლიდან, რა დროსაც ნ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის იანვრის ბოლოს ქ. რ-ში, - დასახლების №--ში, ალკოჰოლით მთვრალი ზ. კ-ა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, ყოველგვარი მოტივის გარეშე, დანის დემონსტრირებით მეუღლეს, ნ. ზ-ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 27 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. რ-ში, - დასახლების №--ში მყოფი ზ. კ-ა ტელეფონის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ნ. ზ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მასაც მოკლავდა და მის ამჟამინდელ მეუღლეს – ი. ი-აც, რაც ნ. ზ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი შეიცვალა: ზ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრისა და 2020 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. კ-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2020 წლის 27 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით (5 დღე) პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ. კ-ას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 საათით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. მ-მა. დაცვის მხარე ითხოვს ზ. კ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ზ. კ-ას მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულ ნ. ზ-ისა და მოწმეების ჩვენებები, მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერი, 2020 წლის 27 სექტემბრის №- შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრისა და 2020 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდები) მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ ზ. კ-ას ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ., ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი