საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №147აპ-24 თბილისი
ლ-ი გ., 147აპ-24 19 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის, ასევე – მსჯავრდებულების: ა. ლ-სა და გ. ლ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, გ. ლ-სა და ა. ლ-ს ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 22 ნოემბერს, ღამის საათებში, თ-ში, ფ. მ-ს გამზირის №--ის მიმდებარედ, გ. ლ-ი და ა. ლ-ი ხელს უშლიდნენ პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო, იმ ავტომანქანის მძღოლის – გ. მ-ის – ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაში, რომლითაც ისინიც გადაადგილდებოდნენ. აღნიშნულის გამო, ადგილზე მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა მოუწოდეს მათ დამშვიდებისაკენ და განუმარტეს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდათ ადმინისტრაციული წესით მათი დაკავება. აღნიშნულის გამო გაბრაზებულმა ა. ლ-მა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ადგილზე მყოფ პოლიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დ-ის მიმართულების მე-- ოცეულის ათეულის მეთაურს – გ. ა-ას – სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო პარალელურად, პოლიციის მიმართ აგრესიულად განწყობილმა გ. ლ-მა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს დ----ის სამმართველოს დ-ის მიმართულების მე-- ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ბ. ქ-ეს მუშტი დაარტყა სახის არეში, რითაც ბ. ქ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით გ. ლ-ის, ნასამართლობის არმქონის, და ა. ლ-ის, ნასამართლობის არმქონის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; გ. ლ-ი და ა. ლ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯათ 2-2 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალათ პირობით, 2-2 წლისა და 6-6 თვის გამოსაცდელი ვადით. მათვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალათ დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ:
· 2022 წლის 22 ნოემბერს, ღამის საათებში, ფ. მ-ის გამზირის №--ის მიმდებარედ, ა. ლ-ი ხელს უშლიდა პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ავტომანქანის მძღოლის – გ. მ-ის – ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაში. პატრულ-ინსპექტორებმა ა. ლ-ს მოუწოდეს დამშვიდებისაკენ და განუმარტეს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდათ ადმინისტრაციული წესით მისი დაკავება. აღნიშნულით გაბრაზებულმა ა. ლ-მა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ერთ-ერთ პოლიციელს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დიდუბის მიმართულების მე-- - - მეთაურს – გ. ა-ას – სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· მას შემდეგ, რაც დააკავეს ა. ლ-ი, პოლიციის მიმართ აგრესიულად განეწყო გ. ლ-ი, რომელმაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, პოლიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დიდუბის მიმართულების მე-- -ის პატრულ-ინსპექტორ ბ. ქ-ეს მუშტი დაარტყა სახის არეში, რითაც ბ. ქ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ლ-ისა და ა. ლ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ადვოკატი ა. გ. – მსჯავრდებულებისათვის სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონო განაჩენის გამოტანით მსჯავრდებულთა ქმედებები არასწორად დააკვალიფიცირა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ გ. ლ-მა და ა. ლ-მა დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინეს. საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით დადგენილია, რომ გ. ლ-ი მხოლოდ პოლიციელების მიერ თავისი ძმის – ა. ლ-ის – დაკავების შემდეგ გახდა აგრესიული. შესაბამისად, მათ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ამდენად, ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად, საფუძველსაა მოკლებული.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ა. ლ-ისა და გ. ლ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე.
10. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციით დადგენილი სასჯელები, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, და რომელთა შემსუბუქების (ჯარიმით შეცვლის) საფუძველი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
11. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის, ასევე – მსჯავრდებულების: ა. ლ-ისა და გ. ლ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე