Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №93აპ-24 თბილისი

ლ. ბ., 93აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენით ბ. ლ-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ლ-ას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით მისთვის შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ლ-ას განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 2 ივნისიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ბ. ლ-ას მსჯავრად დაედო:

· მოთავსების სხვა ადგილას მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვა და ამ საგნით სარგებლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილი);

· მოთავსების სხვა ადგილიდან მსჯავრდებულის მიერ გაქცევის მცდელობა, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2021 წლის 24 მარტიდან, თ-ში, დ. ა-ის ხეივნის მე-- კმ-ზე მდებარე სამედიცინო ცენტრ შპს „ვ-ის“ მე-- სართულზე განთავსებულ №- პალატაში, სტაციონარული მკურნალობის მიზნით, მოთავსებული იყო №- პენიტენციურ დაწესებულებაზე რიცხული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებული ბ. ლ-ა;

o 2021 წლის 30 მარტს, დაახლოებით, 13:20 საათზე, კლინიკის მე-- სართულზე განთავსებული №- პალატის მიმდებარედ, ბ. ლ-ა, მოულოდნელად, თავს დაესხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თბილისის მე-- განყოფილების ესკორტის ოფიცერ შ. გ-ეს, ყელზე მიადო დაშლილი სამართებლის ბასრი პირისგან დამზადებული თვითნაკეთი საგანი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოთავსების ადგილიდან გაქცევის მიზნით, მოსთხოვა კლინიკიდან გაყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყელს გამოსჭრიდა, რა დროსაც შ. გ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ესკორტის ოფიცერთა ჯგუფის წევრებმა აღკვეთეს მსჯავრდებულის ქმედება, რის გამოც, მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. ამასთან, ბ. ლ-ამ, ესკორტის ოფიცრებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, დაშლილი სამართებლის ბასრი პირისგან დამზადებული საგნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, შ. გ-ეს მარცხენა ხელის მტევანზე მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

o 2021 წლის 30 მარტს, - ა-ის ხეივნის მე-- კმ-ზე მდებარე სამედიცინო ცენტრ შპს „ვ-ის“ მე-- სართულზე განთავსებულ №- პალატაში, სტაციონარული მკურნალობის მიზნით მოთავსებული, №- პენიტენციურ დაწესებულებაზე რიცხული მსჯავრდებული ბ. ლ-ა ინახავდა აკრძალულ საგანს – „ჯილეტის“ ფირმის დაშლილი მექანიკური საპარსის ცალკეული კომპონენტების გამოყენებით დამზადებულ, ბასრი თვისებების მქონე, თვითნაკეთ საგანს, რითაც, იმავე დღეს, დაახლოებით, 13:20 საათზე, ესკორტის ოფიცერ შ. გ-ეს მარცხენა ხელის მტევანზე მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ლ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ბ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ლ-ას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 2 ივნისიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატმა – ა. შ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ბ. ლ-ას გამართლებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ბ. ლ-ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

10. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე