Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№274აპ-24 თბილისი

მ. ი., 274აპ-24 24 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. მ-ას ბრალად დაედო: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით 1-ელი ნაწილი); ძალადობა – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის (ორი ეპიზოდი, სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2023 წლის 14 აპრილს, შუადღის საათებში, თ-ში, - გ. ფ-ის ქუჩის №--ის №-კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ი. მ-ამ ჯანმრთელობა დაუზიანა ო. გ-ეს, კერძოდ, ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, დააგორა კიბეზე და სამშენებლო აგური რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. ძალადობის შედეგად ო. გ-ემ მიიღო თავის ტრავმა – მძიმე შერყევა, ხანგრძლივი მოშლით, სკალპის გარე, 6 სანტიმეტრის ღრმა ნაკვეთი ჭრილობა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 14 აპრილს, შუადღის საათებში, თ-ში, - გ. ფ-ის ქუჩის №--ის ბინა №--ში, ი. მ-ამ იძალადა ო. გ-ესა და რ. კ-ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა რ. კ-ს სახეში, აგრეთვე პლასტმასის ჯოხს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში ო. გ-ესა და რ. კ-ს, რის შედეგადაც, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს დაზიანებები.

· 2023 წლის 14 აპრილს, შუადღის საათებში, თ-ში, - გ. ფ-ის ქუჩის №--ის ბინა №- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით მუქარისათვის ნასამართლევი ი. მ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ. კ-სა და ო. გ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ ორივეს მოკლავდა. ო. გ-ემ და რ. კ-მა მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 14 აპრილს, საღამოს საათებში, თ-ში, კ-ის ქუჩის №--ში მდებარე შპს - კუთვნილ კლინიკაში იმყოფებოდა ი. მ-ას მიერ ნაცემი რ. კ-ი, რა დროსაც მას მობილურზე დაურეკა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით მუქარისათვის ნასამართლევმა ი. მ-ამ და უთხრა, რომ მას და მის მეუღლეს – ო. გ-ეს – მოკლავდა. რ. კ-მა სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ი. მ-ას, - ნასამართლევის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით, 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 აპრილის შუადღისა და საღამოს ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. მ-ას საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 24 აპრილიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ი. მ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით, 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 აპრილის შუადღისა და საღამოს ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. მ-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 24 აპრილიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. მ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ი. მ-ას ადვოკატი გ. ძ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დასაშვებად ცნობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ი. მ-ას უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი (ო. გ-ეზე ძალადობის ეპიზოდში) – სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმის განსაზღვრას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ №872აპ-23).

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ო. გ-ეზე ძალადობის ეპიზოდში ი. მ-ას ქმედება, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა, არასწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ი. მ-ას ქმედება ზემოაღნიშნულ ეპიზოდში დაკვალიფიცირდა ძალადობად.

10. ი. მ-ასათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილის დანაწესი და ი. მ-ას როგორც თითოეული მუხლით, ისე – საბოლოოდ – განუსაზღვრა სასჯელის იმგვარი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებშია.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნადაა შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეშია მსჯავრდებულ ი. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის შესაგებელი, რომელიც, ერთი მხრივ, ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა, ხოლო, მეორე მხრივ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ი. მ-ას უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – სასჯელის სახით 2000 ლარის ჯარიმის განსაზღვრას.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ ი. მ-ას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობისა და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით, მითითებული დოკუმენტი (პოზიცია პროკურორის საჩივარზე) სასამართლოში წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევით – საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოტანიდან 1 თვის ვადაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე, როგორც საკასაციო საჩივარზე.

15. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატის მითითებული პოზიცია, თავისი შინაარსით არის შესაგებელი, ხოლო მოთხოვნა მსჯავრდებულის გამართლებისა და სასჯელის შემსუბუქების შესახებ (მით უფრო, მაშინ, როდესაც არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი) ცდება შესაგებლის მოთხოვნის ფარგლებს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე