საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№249აპ-24 თბილისი
მ. შ., 249აპ-24 3 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით შ. მ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 სექტემბრისა და 2022 წლის 20 აპრილის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 10 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. მ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით (2 ეპიზოდი); თვითნებობა, კერძოდ, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ჩადენილი ძალადობით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, თ-ში, გ-ის -მიკრორაიონის მე-- კორპუსის ბინა №--ში, შ. მ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. შ-ზე, კერძოდ, ლ. შ-ისაგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მისი მუდმივი კონტროლით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, ხელი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლით 20 აპრილს, საღამოს საათებში, თ-ში, -- მიკრორაიონის - კვარტლის მე-- კორპუსის №- ბინაში, შ. მ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. შ-ზე, კერძოდ, ლ. შ-ისაგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მისი მუდმივი კონტროლით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, თ-ში, - მიკრორაიონის მე-- კორპუსის ბინა №--ში, შ. მ-ი თვითნებურად, ძალადობის გამოყენებით, კერძოდ, თითზე კბენით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დაეუფლა ლ. შ-ის კუთვნილ, „რედმი 10“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ტ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და შ. მ-ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას ან საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებას, ასევე – საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და შ. მ-ს, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლებით დადგენილი სანქციების ფარგლებშია. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებას, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში.
8. საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, შ. მ-ს დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქების (პირობით მსჯავრად ჩათვლის) საფუძველი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე