Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1334აპ-23 თბილისი

მ-ი ს., 1334აპ-23 6 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, მსჯავრდებულ რ. კ-ისა და მისი ადვოკატის – თ. გ-ის, მსჯავრდებულ რ. კ-ის ადვოკატ მ. ს-ასა და მსჯავრდებულ ს. მ-ის ადვოკატების – გ. ქ-ასა და დ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ს. მ-ს, რ. კ-სა და ე. მ-ს ბრალად დაედოთ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები – დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია). ე. მ-ს ბრალად დაედო ასევე განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით: ძმებს – ს. და ე. მ-ებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გ. ს-თან, რაც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამის გამო, ძმებმა, თავიანთსავე მეგობარ რ. კ-თან ერთად, გადაწყვიტეს და დაგეგმეს გ. ს-ის განზრახ მკვლელობა. 2018 წლის 12 ივლისს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გ. ს-ი იმყოფებოდა თ-ში, ჟ-ს ქუჩაზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს. იმავე დღეს, დაახლოებით, 22:30 საათზე, თ-ში, ჟ-ს ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. და ე. მ-ები, რ. კ-თან ერთად შეხვდნენ გ. ს-ს, რომელსაც საუბრის დაწყებისთანავე, წინასწარ შეთანხმებისამებრ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იმავდროულად, მისი განზრახ მოკვლის მიზნით, სამივემ, ხელთარსებული დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით:

§ ს. მ-ს, ე. მ-სა და რ. კ-ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები;

§ ს. მ-ი, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2018 წლის 19 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო;

§ ე. მ-ი, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. მ-ს განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. მ-ს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავებიდან;

§ რ. კ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2018 წლის 2 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო.

4. ამავე განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლი) მსჯავრდებულები არიან: რ. დ-ი, გ. კ-ი და უ. მ-ა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ს. მ-ს, რ. კ-სა და ე. მ-ს მსჯავრად დაედოთ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია). ე. მ-ს მსჯავრად დაედო ასევე განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

6. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით: 2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით, 22:30 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევმა ე. მ-მა, პირობითი მსჯავრის დროს, თავისმა ძმამ – ს. მ-მა და მათმა მეგობარმა – რ. კ-მა, თანმხლებ პირებთან ერთად, თ-ში, ჟ-ს ქუჩის №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკითხეს გ. ს-ს, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ძმებს – ს. და ე. მ-ებს. მათ შორის საუბარი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ს. მ-მა, ე. მ-მა და რ. კ-მა გ. ს-ს დაუწყეს ცემა და განზრახ მოკვლის მიზნით სამი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს 19 ჭრილობა, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულების: ს. მ-ისა და რ. კ-ის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ რ. კ-ის ადვოკატმა მ. ს-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. კ-ის გამართლებას;

Ш მსჯავრდებულ ს. მ-ის ადვოკატებმა – გ. ქ-ამ და დ. ლ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ს. მ-ის გამართლებას;

Ш მსჯავრდებულმა რ. კ-მა და მისმა ადვოკატმა – თ. გ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. კ-ის გამართლებას;

Ш თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ს. მ-ის, ე. მ-ისა და რ. კ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ს. მ-ი და რ. კ-ი დამნაშავეებად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), ხოლო ე. მ-ი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამავე დროს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს. მ-ის, ე. მ-ისა და რ. კ-ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია). ამასთან, სასჯელთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის, მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულთა ადვოკატების მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

13. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, მსჯავრდებულ რ. კ-ისა და მისი ადვოკატის – თ. გ-ის, მსჯავრდებულ რ. კ-ის ადვოკატ მ. ს-ასა და მსჯავრდებულ ს. მ-ის ადვოკატების – გ. ქ-ასა და დ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე