Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №189აპ-24 თბილისი

პ. დ., 189აპ-24 6 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძისა და მსჯავრდებულ დ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით დ. პ-ი, - და გ. მ-ი, - ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით და მიესაჯათ:

დ. პ-ს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილია პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და დ. პ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი აქვს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარი და სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის პერიოდი – 2021 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

გ. მ-ს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ – და გ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 22 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის პერიოდი – 2021 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 21 ივნისის ჩათვლით და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 30000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. პ-მა და გ. მ-მა ჩაიდინეს დაუხმარებლობა, ე.ი. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, როდესაც დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე – დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

· 2019 წლის 26 დეკემბერს, საღამოს საათებიდან, თ-ში, - მიკრორაიონში, №- კორპუსის ბინა №--ში, მ. რ-ი, თ. ჩ-ა, დ. პ-ი, გ. მ-ი და ბ. ჭ-ი იმყოფებოდნენ ერთად, რა დროსაც მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

· 2019 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ბ. ჭ-ი გახდა შეუძლოდ. მ. რ-მა და თ. ჩ-ამ შენიშნეს, რომ მას აღენიშნებოდა სუსტი პულსი და უცნაურად სუნთქავდა. როდესაც მ. რ-მა და თ. ჩ-ამ გამოთქვეს სურვილი, რომ დაერეკათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, გ. მ-მა მათ გადააფიქრებინა იმ მოტივით, რომ ბ. ჭ-ის აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეული იყო „მარიხუანის“ მიღებით, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობით.

· სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამის სამსახურში თ. ჩ-ას მობილური ტელეფონის ნომრიდან ზარი მხოლოდ 2019 წლის 27 დეკემბრის 13:02 საათზე განხორციელდა. ადგილზე გამოძახებულმა ექიმებმა ბ. ჭ-ი კომატოზური ჩვენებით გადაიყვანეს ქ---რ ჰოსპიტალში, სადაც იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 2020 წლის 16 იანვარს.

· შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თ. ჩ-ას, მ. რ-ს, დ. პ-სა და გ. მ-ს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ბ. ჭ-ი იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და მას ესაჭიროებოდა აშკარა და გადაუდებელი დახმარება, ისე, რომ არც თავისთვის და არც სხვისთვის საფრთხე არ შეექმნათ, არც საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და დროულად არც სათანადო დაწესებულებას შეატყობინეს.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ანა კაპანაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი ა. შ-ი – გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. პ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დ. პ-ისა და გ. მ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა.

8. დაუხმარებლობის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში. ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხე უნდა იყოს უშუალო და რეალური, ხოლო დახმარების აღმოჩენა – აუცილებელი და გადაუდებელი. დაუხმარებლობა წმინდა უმოქმედობაა. დახმარების აღმოუჩენლობა დამთავრებული დანაშაულია, რომლისთვისაც საჭირო არ არის შემდგომი შედეგი. დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია; ამასთან, მას შეუძლია დახმარება ვინმესთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, მაგრამ გულგრილად ეკიდება თავის ადამიანურ მოვალეობას და არ მოქმედებს. გასათვალისწინებელია, რომ, გარდაცვალების შემთხვევაში, დამნაშავის პირდაპირი განზრახვაც კი ვერ შეცვლის ქმედების კვალიფიკაციას. აღნიშნულს სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასჯელის განსაზღვრისას, როგორც დამამძიმებელ გარემოებას.

9. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეების: თ. ჩ-ას, მ. რ-ის, ბ. ჩ-ის, ჯ. შ-ისა და სხვათა ჩვენებებით, სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით) უტყუარადაა დადგენილი, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს, როდესაც ბ. ჭ-ი შეუძლოდ გახდა, მ. რ-ი, თ. ჩ-ა, გ. მ-ი და დ. პ-ი მასთან ერთად იმყოფებოდნენ. მათთვის ცხადი იყო, რომ ბ. ჭ-ი იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და სჭირდებოდა გადაუდებელი დახმარება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ესმოდათ მეგობრის ხროტინი, არ აღმოუჩინეს დახმარება, დროულად არ შეატყობინეს სათანადო დაწესებულებას და დაწვნენ დასაძინებლად. მეორე დღესაც, როდესაც ბ. ჭ-ის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ გამოეძახებინათ სამედიცინო დახმარება, დ. პ-ი ელოდებოდა რ-დან მეგობრის ჩამოსვლას, რომელმაც, მისივე თქმით, იცოდა, როგორ გამოეყვანა ბ. მდგომარეობიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. პ-ისა და გ. მ-ის უმოქმედობა სხვა არაფერია, თუ არა დაუხმარებლობა და ამ დანაშაულის ჩადენასთან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შედეგების მიუხედავად, კავშირი არა აქვს. რაც შეეხება მ. რ-ისა და თ. ჩ-ას ჩვენებებს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვერ გახდება მათი საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. პ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ, საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებულ სასჯელებს – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთას – საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი შეფარდებულია მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლების, მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძისა და მსჯავრდებულ დ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე