საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№349აპ-24 თბილისი
ს-ი ა., 349აპ-24 21 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ს-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:30 საათზე, ქ. მ-ში, -- მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა. ს-მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, კუთვნილ „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანაში, გაშლილი ხელის სახის არეში გარტყმით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე – მ. გ-აზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:30 საათზე, ქ. მ-ში, -- მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა. ს-მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, თავის კუთვნილ „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანაში, ფიზიკური ძალადობის შემდეგ სიტყვებით – „მოგკლავ“ – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – მ. გ-ას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:40 საათზე, ქ. მ-ში, - მდებარე ს. ნაწილის შესასვლელის წინ არსებულ სარწყავ არხთან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა. ს-მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, თავის კუთვნილ „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანაში, გაშლილი ხელის სახის არეში გარტყმით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე – მ. გ-აზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:40 საათზე, ქ. მ-ში, -- მდებარე ს. ნაწილის შესასვლელის წინ არსებულ სარწყავ არხთან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა. ს-მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, თავის კუთვნილ „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანაში, ფიზიკური ძალადობის შემდეგ სიტყვებით – „ამ არხში დაგახრჩობ და მოგკლავ!“ – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – მ. გ-ას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ა. ს-ი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გიორგი სახიაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ა. ს-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20).
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ა. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა მ. გ-ამ (ბრალდებულის არარეგისტრირებულმა მეუღლემ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მ. გ-ას ვიზუალური დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) კი უტყუარად არ მიუთითებს ა. ს-ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, ვერ ადასტურებს ტკივილისა და შიშის განცდებს, ამდენად, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №746აპ-19, №674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ – ობიექტურ კრიტერიუმებზეც: ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20 გადაწყვეტილებები).
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას შეტყობინებასთან მიმართებით. შეტყობინება შეიცავს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას ძალადობის თაობაზე, ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, და შედგენილია დაზარალებულის გადმოცემით, რომელმაც სასამართლოში ჩვენება არ მისცა. ამასთან, შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი მუქარის შესახებ.
11. ვიზუალური დათვალიერების ოქმში აღწერილია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 21 ოქტომბრის -- დასკვნით, „მ. გ-ას 07.10.21წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. შესაბამისად, ამგვარი მტკიცებულება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
12. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც ასევე აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მ. გ-მა მიუთითა ადგილებზე, სადაც ა. ს-მა 2021 წლის 7 ოქტომბერს, 02:30 და 02:40 საათებში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფაქტობრივად, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გაგრძელებაა და ჩატარდა დაზარალებულთან ვითარების აღდგენის მიზნით. რამდენადაც მ. გ-ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ა. ს-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ.: სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).
14. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში გაამახვილა ყურადღება, რომ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია დადგინდეს, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ბრალდებულის მუქარამ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ საქმეშიც, როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა მ. გ-ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით, ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება და სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. ს-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ა. ს-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
17. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე