საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №371აპ-24 თბილისი
ც. ი., 371აპ-24 18 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განაჩენით ი. ც-ე, -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 11 ივლისიდან იმავე წლის 17 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 2000 ლარით და ი. ც-ეს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 13000 ლარი.
2. იმავე განაჩენით ე. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ც-ემ ჩაიდინა: ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ე. მ-ემ – თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4. ი. ც-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებით დამტკიცდა „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები“. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ი. ც-ისათვის. მან განიზრახა დამატებული ღირებულების გადასახადის უსაფუძვლო დეკლარირებით ფიქციური ზედმეტობის შექმნა და ამ გზით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. ამისათვის ი. ც-ემ შეარჩია შპს „ბ-ა“ (ს/ნ ---), რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი იყო მისივე მამა – ა. ც., რომელიც გარდაცვლილი იყო 2017 წლის 12 ოქტომბერს; კომპანია აღარ ფუნქციონირებდა და ბიუჯეტის დავალიანება ან/და დღგ-ს ზედმეტობა არ გააჩნდა.
· ი. ც-ემ ამ მიზნის განსახორციელებლად დახმარება სთხოვა თავის ნაცნობ ე. მ-ეს, რომელსაც 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ჰქონდა“ (ს/ნ ---) და რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწეოდა. ე. მ-ე დასთანხმდა და, როგორც შპს „გ-- --ის“ დირექტორმა, ი. ც-ეს გადასცა თავისი კომპანიის შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.rs.ge – წვდომისათვის საჭირო მონაცემები.
· 2019 წლის აპრილში ი. ც-ემ შპს „ბ-ასა“ (ს/ნ ---) და შპს „გ-- --ის“ (ს/ნ ---) სახელით, ნაცნობი ბუღალტრის – ლ. ხ-ის – მეშვეობით დაამზადა --- ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომ, თითქოსდა, მითითებულ კომპანიებს შორის განხორციელდა დიდი ოდენობით ხორცპროდუქტების მიწოდება, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია და დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი დეკლარაციები --- რითაც შპს „გ-- --ს“ უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოეშვა ზედმეტობა პირადი აღრიცხვის ბარათზე (17090 ლარი).
· ზემოაღნიშნული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ი. ც-ემ შპს „გ-- --ის“ სახელით, ნაცნობი ბუღალტრის – ლ. ხ-ის – მეშვეობით, 2019 წლის 17 აპრილს, 20 აპრილს და 4 მაისს შემოსავლების სამსახურს მიმართა განაცხადებით უსაფუძვლო/ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს თანხების ავტომატური დაბრუნების მოთხოვნით (შპს „გ-- --ის“ საბანკო ანგარიშზე ჩასარიცხად). აღნიშნული განაცხადების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „გ-- --ს“ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 17 აპრილს, 20 აპრილსა და 4 მაისს, ეტაპობრივად, სულ დაერიცხა 11740 ლარი.
· ი. ც-ის მხრიდან მითითებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დასაუფლებლად შპს „გ-- --ის“ დირექტორმა ე. მ-ემ მიმართა სს --- პლასტიკური ბარათის დამზადების თაობაზე. ამის შემდეგ ე. მ-ემ კომპანიის სახელზე დამზადებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით სს -- ბანკომატიდან ორ შემთხვევაში გამოიტანა და ი. ც-ეს გადასცა შპს „გ-- --ის“ საბანკო ანგარიშზე საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხები, ხოლო მესამე შემთხვევაში (2019 წლის 4 მაისს) – ე. მ-ის მიერ ი. ც-ისათვის გადაცემული პლასტიკური ბარათით საბანკო ანგარიშიდან თანხა გამოიტანა თავად ი. ც-ემ.
· ყოველივე ზემოაღნიშნულით, ე. მ-ის უშუალო ჩართულობითა და დახმარებით, ი. ც-ემ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა – 11740 ლარი.
· ი. ც-ემ, გარდა შპს „გ-- --ისა“, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დასაუფლებლად ასევე შეარჩია თავისი ნაცნობის კომპანია – შპს „გ--ი“ (ს/ნ ---), რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორიც იყო გ. გ.. ამ მიზნით ი. ც-ემ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გ. გ-აგან 2019 წლის 14 მაისს მიიღო სანოტარო რწმუნებულება.
· ი. ც-ემ 2019 წლის მაისში შპს „გ--ს“ (ს/ნ ---) სახელით დაამზადა -- ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომ, თითქოსდა, მითითებულ კომპანიებს შორის განხორციელდა დიდი ოდენობით ხორცპროდუქტების მიწოდება, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია; ასევე მანვე დაამზადა დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი დეკლარაციები -- რითაც შპს „გ-ის“ უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოეშვა ზედმეტობა პირადი აღრიცხვის ბარათზე (16932 ლარი).
· ზემოთ აღნიშნული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ი. ც-ემ შპს „გ-ის“ სახელით 2019 წლის 18 მაისს შემოსავლების სამსახურს მიმართა განაცხადით, უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს თანხების ავტომატური დაბრუნების მოთხოვნით (შპს „გ-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩასარიცხად).
· მითითებული განაცხადების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „გ-ის“ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 20 მაისს დაირიცხა 6950 ლარი. ამ თანხას ი. ც-ე მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
5. ე. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებით დამტკიცდა „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები“. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ი. ც-ისათვის. მან განიზრახა დამატებული ღირებულების გადასახადის უსაფუძვლო დეკლარირებით ფიქციური ზედმეტობის შექმნა და ამ გზით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. ამისათვის ი. ც-ემ შეარჩია შპს „ბ-ა“ (ს/ნ ---), რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი იყო მისივე მამა – ა. ც., რომელიც გარდაცვლილი იყო 2017 წლის 12 ოქტომბერს; კომპანია აღარ ფუნქციონირებდა და არც ბიუჯეტის დავალიანება ან/და დღგ-ს ზედმეტობა გააჩნდა.
· ი. ც-ემ ამ მიზნის განსახორციელებლად დახმარება სთხოვა თავის ნაცნობ ე. მ-ეს, რომელსაც 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ჰქონდა შპს „გ-- -“ (ს/ნ ---) და რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწეოდა. ე. მ-ე დასთანხმდა და, როგორც შპს „გ-- --ის“ დირექტორმა, ი. ც-ეს გადასცა თავისი კომპანიის შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.rs.ge – წვდომისათვის საჭირო მონაცემები.
· 2019 წლის აპრილში ი. ც-ემ შპს „ბ-ასა“ (ს/ნ ---) და შპს „გ-- --ის“ (ს/ნ ---) სახელით, ნაცნობი ბუღალტრის – ლ. ხ-ის – მეშვეობით დაამზადა -- ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომ, თითქოსდა, მითითებულ კომპანიებს შორის განხორციელდა დიდი ოდენობით ხორცპროდუქტების მიწოდება, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია და დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი დეკლარაციები ----, რითაც შპს „გ-- --ს“ უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოეშვა ზედმეტობა პირადი აღრიცხვის ბარათზე (17090 ლარი).
· ზემოაღნიშნული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ი. ც-ემ შპს „გ-- --ის“ სახელით, თავისი ნაცნობი ბუღალტრის – ლ. ხ-ის – მეშვეობით, 2019 წლის 17 აპრილს, 20 აპრილს და 4 მაისს შემოსავლების სამსახურს მიმართა განაცხადებით უსაფუძვლო/ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს თანხების ავტომატური დაბრუნების მოთხოვნით (შპს „გ-- --ის“ საბანკო ანგარიშზე ჩასარიცხად). აღნიშნული განაცხადების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „გ-- --ს“ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 17 აპრილს, 20 აპრილსა და 4 მაისს, ეტაპობრივად, სულ დაერიცხა 11740 ლარი.
· ი. ც-ის მხრიდან მითითებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დასაუფლებლად შპს „გ-- --ის“ დირექტორმა ე. მ-ემ მიმართა სს „---ს“ პლასტიკური ბარათის დამზადების თაობაზე. ამის შემდეგ ე. მ-ემ კომპანიის სახელზე დამზადებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით სს -- ბანკომატიდან ორ შემთხვევაში გამოიტანა და ი. ც-ეს გადასცა შპს „გ-- --ის“ საბანკო ანგარიშზე საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხები, ხოლო მესამე შემთხვევაში (2019 წლის 4 მაისს) – ე. მ-ის მიერ ი. ც-ისათვის გადაცემული პლასტიკური ბარათით საბანკო ანგარიშიდან თანხა გამოიტანა თავად ი. ც-ემ.
· ყოველივე ზემოაღნიშნულით, ე. მ-ის უშუალო ჩართულობითა და დახმარებით, ი. ც-ემ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა – 11740 ლარი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მხარეებმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან მურვანიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთასთან.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. მსჯავრდებულების – ი. ც-ისა და ე. მ-ის – მიერ მათთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულთა აღიარებებით, მოწმეების ჩვენებებით, შპს „ბ-ას“, შპს „გ-- --ის“, შპს „გ-ის“ სარეგისტრაციო მონაცემებით, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით, საბანკო ამონაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელების უკანონობასა და უსამართლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მსჯავრდებულების – ი. ც-ისა და ე. მ-ისათვის – შეფარდებული სასჯელების დამძიმებისათვის ისეთ ხელშესახებ და არსებით გარემოებებზე მითითებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, თუკი გამოყენებულია მსჯავრდებულის ქმედების ხასიათისა და, ამავდროულად, მისი პიროვნებისათვის აშკარად შეუსაბამო სასჯელის სახე ან ზომა. მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
15. საქმეში არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ც-ისათვის – საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ე. მ-ისათვის – საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები ვერ ჩაითვლება მათი ქმედებების ხასიათსა და პიროვნებებთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ზიანის ანაზღაურების სურვილი) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნება, მათი ოჯახური მდგომარეობა და წარსული ცხოვრება, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულებისათვის ი. ც-ესა და ე. მ-ეს განუსაზღვრეს შესაბამისი მუხლების სანქციებით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელები.
16. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება, შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. სუსგ: №449აპ-22, №388აპ-22, №1177აპ-23, №1419აპ-23). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სუსგ: №51აპ-19, №389აპ-21, N432აპ-22).
17. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ი. ც-ისა და ე. მ-ისათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების საფუძველი.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი