საქმე N 160100122006317889
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №75აპ-24 22 მაისი, 2024 წელი
ა-ი რ., №75აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურორის პროკურორ ალექსანდრე ანდღულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ. ბ–ში, ........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში არსებულ აგურის ძველ შენობაში, ცოლობაზე უარის თქმის გამო, რ. ა–მა ე. ო–ს თითები ჩაუყო პირში, ქვედა ყბაზე ძლიერად მოუჭირა და მუშტები 5-6 ჯერ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც, ე. ო–მ, ყველა შემთხვევაში, განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ. ბ–ში, ........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში არსებულ აგურის ძველ შენობაში, რ. ა–მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ე. ო–ს ჩამოჰგლიჯა აზღუდზე მიმაგრებული ქისა, მასში მოთავსებული 20000 ლარით, და აშკარად დაეუფლა, რის შედეგადაც, ე. ო–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა რ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენით, რ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურორის პროკურორმა – ალექსანდრე ანდღულაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და რ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 7 დეკემბერს ბოლნისის რაიონული პროკურორატურის პროკურორმა ალექსანდრე ანდღულაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და რ. ა–ს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ა–ს გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. სასამართლოში დაკითხული დაზარალებულის – ე. ო–ს და მოწმე ნ. ო–ს ჩვენებებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ მათ შეგროვებული ჰქონდათ 20000 ლარი, რომელსაც ინახავდნენ ქისაში. შემთხვევის დღეს აღნიშნული ქისა, მასში მოთავსებული თანხით ლიფის აზღუდზე თასმით ჰქონდა მიკერებული ე. ო–ს. დაზარალებულმა კი დამატებით განმარტა, რომ იგი რ. ა–ს ღამით შეხვდა. რ–მა მას ცოლობა სთხოვა, რაზეც უარით უპასუხა. აღნიშნულით განაწყენებულმა, იგი წააქცია, ფეხი მუხლზე დააჭირა, ხელი კისერზე მოუჭირა, მეორე ხელი პირში ჩაუყო, ენის ამოგლეჯას შეეცადა და პირი გაუხია. შემდეგ რ–მა ჩამოჰგლიჯა ბიუსჰალტერზე მიმაგრებული ქისა, რომელშიც 20000 ლარი ედო და გაიქცა. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რ. ა–სა და ე. ო–ს შორის არსებული სატელეფონო კომუნიკაცია, სასამართლოზე გამოკვლეული ძაფი და თოკი – ადასტურებს და ავსებს დაზარალებულის ჩვენებას და ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია რ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს რ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნება ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება – დაზარალებულ ე. ო–ს ჩვენება, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რაც დაადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.4. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად შეუძლებელია დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ახალი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში ყოფნისას ე. ო–ს ნამდვილად ჰქონდა თან აზღუდზე მიმაგრებული ქისა, მასში მოთავსებული 20000 ლარით, რომელსაც აშკარად დაეუფლა რ. ა–ი. მართალია, დაზარალებული – ე. ო–ს და მისი დედა – ნ. ო–ს სასამართლოს წინაშე ადასტურებენ, რომ ისინი წლების განმავლობაში აგროვებდნენ ფულს და სულ ჯამში შეაგროვეს 20000 ლარი, სხვადასხვა კუპიურებით, რომელსაც ინახავდნენ ქისაში. თუმცა მოწმე ნ. ო–სათვის უცნობია, შემთხვევის დროს სკვერის ტერიტორიაზე 20000 ლარით სავსე ქისა ნამდვილად ჰქონდა თუ არა თან ე. ო–ს.
5.5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგანთან დაკავშირებით. კერძოდ, ნივთიერი მტკიცებულებებით და მათზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნით დგინდება, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი, ე. ო–ს ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ღილების ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. წარმოდგენილი თოკების და ძაფების დაბოლოებების დაზიანებები გაწყვეტის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ე. ო–საგან ამოღებული იქნა ორი ცალი მობილური ტელეფონი, ლურჯი ნაჭრის შარვალი, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი და ძაფის ნაგლეჯი – შავი და თეთრი ფერის. თავად ე. ო–მ სასამართლოს მოახსენა, რომ ბიუსჰალტერი, რომელზეც ქისა თეთრი ძაფით მიიბა მარცხენა მხართან, წარუდგინა პოლიციას. ბიუსჰალტერი დღემდე არ დაუბრუნებიათ მისთვის. ამასთანავე, სამართალდამცავებისათვის ძაფი მას არ წარუდგენია და ბიუსჰალტერს თეთრი ძაფი პოლიციამ თვითონ შეხსნა. დაზარალებულის ჩვენებისა და წერილობითი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაუდგენელი დარჩა, თუ რა გზით მოხვდა ნივთიერი მტკიცებულება – ძაფი და თოკი საქმეში, ვინ და რა მიზნით განაცალკევა იგი დაზარალებულის კუთვნილი ბიუსჰალტერისაგან. ასევე, მათზე არსებული ფიზიკური ძალის შედეგად განვითარებული დაზიანებები გამოწვეულია ძარცვის მიზნით დაზარალებულისაგან ქისის ჩამოგლეჯით, თუ შემდგომში – საქმეზე დამაგრების მიზნით თავად დაზარალებულის ან გამომძიებლის მიერ ბიუსჰალტერიდან მისი განცალკევებით. შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცებულებები არათუ განამტკიცებენ დაზარალებულ ე. ო–ს ჩვენებას, არამედ ეწინააღმდეგებიან მას.
5.6. 2022 წლის 31 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის №.............. დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის (31.08.2022 წ.) და სამედიცინო საბუთის მონაცემებით (31.08.2022 წ.) ე. ო–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვნივ სახეზე, თვალის სკლერაზე, მარცხნივ ყვრიმალსა და ზედა ტუჩის ლორწოვანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა რ. ა–ი მსჯავრდებული იქნა ე. ო–ს მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ძარცვის ნაწილში რ. ა–ს ბრალეულობის დასადგენად.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი რ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონული პროკურორის პროკურორ ალექსანდრე ანდღულაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე