საქმე N 020100123007541033
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №104აპ-24 15 მაისი, 2024 წელი
ა–ა ბ., №104აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ა–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის აპრილში, ჩ–ს რაიონის სოფელ ხ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა ბ. ა–მ ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს – 2008 წლის 25 სექტემბერს დაბადებულ ნ. ა–ს. კერძოდ, შელაპარაკების ნიადაგზე ერთხელ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რის შემდგომაც ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავზე. ბ. ა–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ნ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 14 ივნისს, ჩ–ს მუნიციპალიტეტში ბ. ა–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს – 2008 წლის 25 სექტემბერს დაბადებულ ნ. ა–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ნ. ა–მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, ბ. ა–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ბ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 13 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ბ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 18 დეკემბერს, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ბ. ა–ს ბრალეულობა. ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების შესახებ დაიკითხნენ გამომძიებლები: ზ. ა–ა და ი. ფ–ა. გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ არასრულწლოვანმა გამოკითხვის პროცესში მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ ბ. ა–ს მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა ნ. ა–მ განიცადა ერთ შემთხვევაში - ფიზიკური ტკივილი, ხოლო მეორე შემთხვევაში - გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მიუთითებს ბრალდებულის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე, მან გამოძიების ეტაპზე დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი. შესაბამისად, კასატორის პოზიციით მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბ. ა–ს ბრალი წარედგინა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის მიმართ 2023 წლის აპრილში განხორციელებული ფიზიკური ძალადობისათვის და 2023 წლის 14 ივნისს ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ნ. ა–მ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ბ. ა–ს მიერ ნ. ა–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს წარმოდგენილი არ არის.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – ზ. ა–ს და ი. ფ–ს ჩვენებებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები ბ. ა–ს მიერ შესაძლო ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულ ნ. ა–ს მონათხრობიდან და არ არიან ბრალად წარდგენილი ფაქტების უშუალო თვითმხილველნი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლოში არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მის მიერ გამოძიების ეტაპზე აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე