¹3ა-29-03 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. უ-ასა და ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლე დ. პ-ას შუამდგომლობები და სასამართლოს დოკუმენტები ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე რ. უ-ის მიმართ არასრულწლოვანი ქალიშვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. უ-ა და რ. უ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1999 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 20..... წ. ....... იანვარს შეეძინათ ქალიშვილი რ. მხარეებს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მოპასუხე მატერიალურ დახმარებას არ უწევს ქალიშვილს და არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდაში, ქალიშვილი იმყოფება დედის კმაყოფაზე. აღნიშნულის გამო ტ. უ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქალიშვილის სარჩენად რ. უ-ისათვის ალიმენტის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლოს სხდომის დრო, იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. ვინაიდან უკრაინის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 80-82-ე მუხლების შესაბამისად მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავისი არასრულწლოვანი შვილები, სარჩელი დაკმაყოფილდა.
ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. უ-ს დაეკისრა ტ. უ-ას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის რ. უ-ას სარჩენად, 2002წ. 9 ივლისიდან ქალიშვილის სრულწლოვანებამდე, მოპასუხის ყველა სახის ხელფასის 1/4 ნაწილის ოდენობით. რ. უ-ას დაეკისრა ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002წ. 11 ნოემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ტ. უ-ამ და ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლე დ.პ-ამ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 მარტის განჩინებით ტ. უ-ას და ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლე დ. პ-ას შუამდგომლობები და სასამართლოს დოკუმენტები ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ტ. უ-ას და ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლე დ. პ-ას შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. უ-ს დაეკისრა ტ. უ-ას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის რ. უ-ას სარჩენად, 2002წ. 9 ივლისიდან ქალიშვილის სრულწლოვანებამდე, მოპასუხის ყველა სახის ხელფასის 1/4 ნაწილის ოდენობით. რ. უ-ას დაეკისრა ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002წ. 11 ნოემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ტ. უ-ამ და ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლე დ. პ-ამ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ს 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. უ-ას და ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლე დ.პ-ას შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
ყირიმის ა/რ ალუშტინის ადგილობრივი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. უ-ს დაეკისრა ტ. უ-ას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის რ. უ-ას სარჩენად, 2002წ. 9 ივლისიდან ქალიშვილის სრულწლოვანებამდე, მოპასუხის ყველა სახის ხელფასის 1/4 ნაწილის ოდენობით, ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.