Facebook Twitter

საქმე N 330100121004976877

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №29აპ-24 27 მაისი, 2024 წელი

ი–ე მ., №29აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ი–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირის მიმართ ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და რომლის მიზანია აღიარების მიღება და პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა მ. ფ–ს არ ჰქონდა საკუთარი ნებით რაიმე საყოფაცხოვრებო საკითხზე გადაწყვეტილების მიღების და მეუღლის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უფლება და მის ვალდებულებას წარმოადგენდა მეუღლის უსიტყვო მორჩილება, 2018 წლის ივლისიდან - 2020 წლის ივლისამდე თანაცხოვრების პერიოდში, ქ. თ–ში, ა–ს მე-.. შესახვევი №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, სისტემატურად - კვირაში სამჯერ მაინც, მ. ი–ე მეუღლეს - მ. ფ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, ამცირებდა, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც მ. ფ–ი თავს...

1.3. 2020 წლის ივლისში, ქ. თ–ში, ა–ს მე-.. შესახვევი №..-ში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მ. ი–მ მეუღლეს - მ. ფ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა მ. ფ–ს არ ჰქონდა საკუთარი ნებით რაიმე საყოფაცხოვრებო საკითხზე გადაწყვეტილების მიღების და მეუღლის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უფლება, აღნიშნულ საკითზე წარმოშობილი კონფლიქტისას მ. ი–მ მეუღლეს - მ. ფ–ს მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში. ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

1.4. მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა ყოფილ მეუღლეს - მ. ფ–ს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უფლება, დასჯის, ტკივილის მიყენების და ღალატის აღიარების მიზნით მ. ი–მ ანთებული სიგარეტი სამჯერ დაადო მარცხენა ლოყაზე, ხოლო ერთხელ - ტუჩის არეში. მანვე, მ. ფ–სს გაზქურაზე გაცხელებული დანა დაახლოებით თხუთმეტი წამის განმავლობაში დაადო ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ფეხზე, ბარძაყის არეში. ასევე, აიძულა დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში გაცხელებული დანა თავად დაედო მარცხენა ლოყაზე. ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მ. ფ–ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა, მ. ი–ს მიერ 1.2. და 1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ჩადენა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განაჩენით, მ. ი–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით (ორი ეპიზოდი).

მ. ი–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. ტ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომლითაც მოითხოვა მ. ი–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ტ–ს და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განაჩენი, მ. ი–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 13 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ–მა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან მ. ი–ს მიმართ საქმის განხილვისას დაირღვა, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა მისი უფლებით არ მიეცა ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, სხვა პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მ. ი–ს მიერ ოჯახის ერთი წევრის სხვა წევრის მიმართ წამებას საქმეში არ მოიპოვება. საქმეში არსებული სხვა დანარჩენი მტკიცებულება ირიბი ხასიათისაა, რაც არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თავად მ. ი–ს ჩვენება, რომელიც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ. ფ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მის მიერ გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების უფლება სასამართლოს არ ჰქონდა. ამასთან, სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ისეთ პირთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და შესაბამისად, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რაც არ არის თანხვდენილი სხვა მტკიცებულებებთან და არ დასტურდება პირდაპირი მტკიცებულებით. საქმის განხილვის დროს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, სასამართლოს ეჭვი უნდა გადაეწყვიტა მ. ი–ს სასარგებლოდ და მის მიმართ დაედგინა გამამართლებელი განაჩენი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ი–ს საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მ. ი–ს უდანაშაულობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან დაზარალებულმა მ. ფ–მა უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არ მოიპოვება არცერთი უტყუარი მტკიცებულება და განაჩენი ემყარება ვარაუდებს. მართალია, დაზარალებულმა მ. ფ–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მ. ი–ს ბრალეულობას.

5.5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული ზემოხსენებული უფლებით სარგებლობის პირობებში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს. აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, 2020 წლის 13 თებერვლის N766აპ-19 განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას... ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

5.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით – მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2021 წლის 14 ივლისის N..... სამედიცინო ბარათით უტყუარად დასტურდება მ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 აგვისტოს ექსპერტიზის №.......... დასკვნით დადგენილია, რომ მ. ფ–ს პირადი შემოწმებისას გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები დამწვრობითი უბნების სახით, რომელიც განვითარებულია მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი მოქმედებების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს. საექსპერტო კვლევისას კი, მ. ფ–მა ექსპერტს განუმარტა, რომ 2021 წლის 13 ივლისს ყოფილმა მეუღლემ გაცხელებული დანით მიაყენა დაზიანებები სახის არეში და ორივე ბარძაყის მიდამოში, რაც ასახულია ექპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში.

5.8. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობა, გარდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, ასევე დგინდება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2021 წლის 14 ივლისის N.... სამედიცინო ბარათით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, კი სამზარეულოდან ონკანის ნიჟარის გვერდით კარადის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სამზარეულოს დანა, მის პირზე არსებული მუქი ფერის ლაქებითა და შეფერილობით.

5.9. ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად თანხვედრაშია მოწმეების - ი. ფ–ს, დ. ფ–ს, მ. გ–ს და ლ. ფ–ს მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან. მოწმეები გადმოცემენ შემთხვევის დღეს მ. ფ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ადასტურებენ მის სახესა და სხეულზე ხილული დაზიანებების არსებობას და ამ დაზიანებების მ. ი–ს მიერ მიყენების ფაქტს. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულის მიმართ ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება, რადგან არის ირიბი - ემყარება სწორედ დაზარალებულის მონათხრობს, თუმცა ძალადობის შედეგად მსხვერპლის მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან და ხილულ დაზიანებებთან მიმართებით - არის პირდაპირი ხასიათის, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.11. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა - ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობილობა საკმარისია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე, როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19).

5.12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ თითქოს, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ მოწმეთა მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველნი, რადგან საქმეში ასევე არსებობს სხვა, სარწმუნო, ობიექტური მტკიცებულებები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი ის დაზიანებები, რაც მსჯავრდებულმა ძალადობრივი ქმედებით მიაყენა დაზარალებულს.

5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, ფაქტი ან მონაცემი, რომელიც შეიძლება საფუძველი გახდეს გონივრული ეჭვისთვის, რომ დაზარალებულს შესაძლოა, დაზიანებები მიეღო სრულიად სხვა ვითარებაში, სხვა დროს, სხვა პირისგან და არა - მსჯავრდებულის მიერ მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შედეგად.

5.14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მ. ი–ს ჩვენებაზე, სადაც იგი ადასტურებს, რომ ბოლო წლებში მასსა და დაზარალებულს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. მეუღლემ უღალატა და ამ მიზეზით დაშორდნენ. საერთო შვილები, კი - მამასთან ცხოვრობენ. მ. ფ–სთვის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, თუმცა ფიზიკური - არა. იგი ცდილობდა დაზარალებულისთვის აეხსნა, რომ ამგვარი ცხოვრების წესი - სხვადასხვა პირებთან სასიყვარულო ურთიერთობა არ იყო კარგი - თუმცა უშედეგოდ. მსჯავრდებული ასევე ადასტურებს, რომ 2021 წლის 13 ივლისს, ის და მ. ფ–ი ერთად იმყოფებოდნენ თ–ში, პ–ს გამზირი N..-ში მდებარე ბინაში, სადაც პირად ურთიერთობაზე სალაპარაკოდ ავიდნენ. ამასთან, დაზარალებულს დამწვრობები ბინაში მისვლამდე არ ჰქონია. მ. ფ–მა თვითდაზიანებები მიიყენა მასზე შურისძიების მიზნით. საკასაციო სასამართლო აღნიშნული ჩვენების ანალიზით ასკვნის, რომ გამოკვეთილია დანაშაულის მიზანი - დაზარალებულის დასჯა მის მიერ ჩადენილი სავარაუდო ქმედებისათვის, რაც მ. ი–სთვის მიუღებელი იყო. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციის (მათ შორის მარჯვენა ფეხის უკანა მხარე) მხედველობაში მიღებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის ვერსია თვითდაზიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

5.15. მ. ი–ს მიერ მ. ფ–ს მიმართ განხორციელებულმა მოპყრობამ, თავის ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რამაც გადააჭარბა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. ამასთან, ფიზიკური ტკივილის განზრახ მიყენება მიზნად ისახავდა მსხვერპლის დასჯას.

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.17. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.

5.20. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. რ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე