საქმე N 330100123007116993
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №96აპ-24 20 მაისი, 2024 წელი
კ–ე გ., №96აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი)), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 16:56 საათზე, თ–ში, ...–ს გამზირი N..-ში მდებარე მაღაზია „......დან“ გ. კ–ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სამ ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 54 ლარის და 90 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.3. 2022 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 11:46 საათზე, თ–ში, ....–ს გამზირი N..-ში მდებარე შპს „.... ფარმას“ კუთვნილი აფთიაქიდან, გ. კ–ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ორ ცალ „ვიშის“ ფირმის კრემს, რითაც შპს „პსპ ფ–ს“ მიაყენა 312 ლარის და 70 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.4. 2022 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, თ–ი, .......ის გამზირი მე-.. კვარტალი, კორპუსი N..-ში მდებარე სს „გ–ა“-ს კუთვნილ „......ის“ აფთიაქიდან, გ. კ–ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 5 ცალ „ვიშის“ ფირმის კრემს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 980 ლარის და 90 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.5. 2023 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 12:35 საათზე, თ–ში, .......ის გამზირი მე-.. კვარტალი, კორპუსი N..-ში მდებარე, სს „გ–ა“-ს კუთვნილ „......ის“ აფთიაქიდან, გ. კ–ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 3 ცალ „ვიშის“ ფირმის კრემს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 581 ლარის და 10 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენით, გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართვლოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართვლოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართვლოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართვლოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართვლოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენში.
გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2023 წლის 17 ნოემბერს მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. კ–ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
3.3. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან გ. კ–მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამრთლევი. მას შეგნებული აქვს ქმედების საშიშროება და მზადაა დაზარალებულებს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, მისი წარსული არ არის შებღალული და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. კ–ეს განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე