საქმე N 330100123007501405
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №126აპ-24 20 მაისი, 2024 წელი
მ–ი გ., №126აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. მ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამაძიმებელი გარემოებების არსებობისას – ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 23 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე თ–ი, ო–ს პირველი შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, გ. მ–მა – გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით მიიჩნევდა რა ქალს მის საკუთრებად, ეჭვიანობის გამო გაღიზიანებულმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ვ. ყ–ს, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში და სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 16 მაისს, დაახლოებით 22:25 საათზე, თ–ში, ნ–ს ქუჩის, კორპუსი N..ის, ბინა N..-ში, გ. მ–მა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მეუღლეს, ვ. ყ–ს, ორჯერ ძლიერად დაარტყა მუშტი ნიკაპის მიდამოში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელი ყელზე და ასეთივე ძალით, იდაყვთან განზრახ ჩაარტყა ჩანგლის მჩხვლეტავი მხარე, რის შედეგადაც, ვ. ყ–მა მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
1.4. 2023 წლის 16 მაისს, დაახლოებით 22:25 საათზე, თ–ში, ნ–ს ქუჩის, კორპუსი N..-ის, ბინა N..-ში მდებარე ბინის მისაღებ ოთახში, გ. მ–მა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მეუღლეს, ვ. ყ–ს, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული ქმედების გამო, ვ. ყ–ი გაიქცა ბინის შემოსასვლელი კარისკენ გარეთ გასვლის მიზნით, ამავდროულად, თავისი მობილური ტელეფონიდან განახორციელა სატელეფონო ზარი „112“-ზე პოლიციის გამოსაძახებლად. აღნიშნული შენიშნა რა გ. მ–მა, დაედევნა მეუღლეს და ხელი შეუშალა ბინიდან გასვლაში, წაართვა მობილური ტელეფონი და არ მისცა ოპერატორთან საუბრის დასრულების საშუალება. ამასთანავე, „112“-ზე დარეკვის გამო გაბრაზებულმა გ. მ–იმა, შურისძიების მიზნით, ვ. ყ–ს თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი და უკბინა ცხვირზე.
გ. მ–ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია ვ. ყ–ს ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლის გარეშე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლი მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 16 მაისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ანდა სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 28 დეკემბერს, მსჯავრდებულმა გ. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ან პირობით ჩათვლა ანდა ალტერნატივის სახით ჯარიმის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას, პირობითად ჩათვლას ანდა ჯარიმის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის აღზრდაშიც სურს მონაწილეობის მიღება. ამჟამად მისი მეუღლეც დაკავებულია და ბავშვი ფაქტობრივად მიტოვებულია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის, მათ შორის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნაზე, შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ 1) ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), 2) ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და 3) თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
5.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.
5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას, რომელიც ადგენს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას სასჯელის დანიშვნის წესს. ამ დანაწესიდან არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, რა დროსაც კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.
5.8. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დანაშაულები, რომლისთვისაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო გ. მ–ს, ჩადენილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, თითოეული ეპიზოდისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს.
5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.10. ასევე, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. გ. მ–ს ბრალად წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, აღნიშნული გათვალისწინებულია ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებით, რის გამოც, დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება 2023 წლის 23 მარტის ეპიზოდის მოტივს – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობას აღნიშნულიც გათვალისწინებულია სასჯელის დანიშვნის დროს.
5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე გ. მ–ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენის ფაქტი და მას საქართველოს სსკ-ის 53-ე, 531-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა როგორც კანონიერი, ისე სამართლიანი სასჯელი, რისი შემსუბუქებაც საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე