საქმე N 330100121005235751
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №51აპ-24 13 მაისი, 2024 წელი
მ–ი ე., №51აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ვ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. მ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 21:25 საათზე, ქ. თ–ში ქ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, ე. მ–ი, რომელიც მართავდა ავტომობილ „ტოიოტას“ (სახელმწიფო ნომრით – ...........) დაეჯახა ქვეითად მოსიარულე მ. რ–ს. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ე. მ–ს მხრიდან ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მ. რ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით ე. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ს. ვ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ს. ვ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ე. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელიდან 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3.2. 2023 წლის 18 დეკემბერს, მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ს. ვ–მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ე. მ–სთვის დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ე. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებისას არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია, რომლითაც ნათელი იყო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ე. მ–ი აღიარებდა დანაშაულს, დაზარალებული მ. რ–ე გადაიყვანა საავადმყოფოში, უმკურნალა, რაც დასტურდება დაზარალებულის მიერ გამოძიებაში წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც მარტო ზრდის, ხასიათდება დადებითად. ამასთან, მან დაზარალებულს შესთავაზა ზიანის ანაზღაურება, თუმცა დაზარალებულმა ხელოვნურად გაზრდილი ერთიანი თანხა მოითხოვა, რომლის გადახდის შესაძლებლობაც ე. მ–ს არ ჰქონდა. მართალია სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და სასჯელის ნახევარი პირობითად ჩაუთვალა მსჯავრდებულს, თუმცა, დაცვის მხარის პოზიციით, ე. მ–სთვის დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა, სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ე. მ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის ნახევარი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო ნახევარი ჩაუთვალა პირობითად, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ე. მ–მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 50-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაუთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ე. მ–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, ამასთან, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია მსჯავრდებულის მისწრაფება და მცდელობა დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა ზიანი. ამასთან, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისთვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ვ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე