Facebook Twitter

საქმე N 330100122006630958

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №95აპ-24 15 მაისი, 2024 წელი

ნ–ა ა., №95აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ნ–ს (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 5 ნოემბერს, დღის საათებში, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ში, ........, ......-ში მდებარე, ნ–ების საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა. ნ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, უსაფუძვლოდ, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ნ–ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ი. ნ–ს. კერძოდ, ხელი ჰკრა და ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ი. ნ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2022 წლის 13 ნოემბერს, დილის საათებში, დაახლოებით 10:30 საათზე, თ–ი, .....-ში მდებარე ნ–ების საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით, მუქარისთვის ნასამართლევი ა. ნ–ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, უსაფუძვლო მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ი. ნ–ს, კერძოდ უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს. აღნიშნული ქმედების შედეგად ი. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2022 წლის 5 ოქტომბერს, თ–ში, ....-ში მდებარე ნ–ების საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა. ნ–მ უსაფუძვლოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს – ლ. ნ–ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა ლ. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით, ა. ნ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ა. ნ–სს წარდგენილი ბრალდებებით უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ა. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 25 დეკემბერს, მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ–მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. ნ–ს წარდგენილი ბრალდებებით უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზს. განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულ ი. ნ–სისა და არასრულწლოვან ლ. ნ–ს ჩვენებებს. სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ისინი და არ გაითვალისწინა მათ ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები, კერძოდ: მართალია, ი. ნ–მა განმარტა, რომ ა. ნ–მ 2022 წლის 5 ნოემბერს მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი ჰკრა მთელი ძალით და იგრძნო ტკივილი, თუმცა მას არ უხსენებია ის გარემოება, რის შესახებაც თავის ჩვენებაში ისაუბრა ლ. ნ–მ, კერძოდ, ი. ნ–მა ა. ნ–ს ფეხი ჰკრა და წააქცია. ფაქტობრივად, ი. ნ–მა განახორციელა ძალადობის აქტი და ა. ნ–ს ქმედება ან ჩხუბი, შესაძლოა, ყოფილიყო რეაქცია ცოლის ქმედებაზე. ლ. ნ–მ ჩვენების მიცემისას, ასევე თქვა, რომ მამა დედას დაეჯახა, რის შემდეგაც დედა წაიქცა, თუმცა არ გამოკვეთილა, როდის განხორციელდა ეს მიჯახება. შესაძლოა, აღნიშნული ფაქტი ა. ნ–ს პირველი დაკავებისას მომხდარიყო. ამასთან, არ დგინდება, ეს მიჯახება განზრახი იყო თუ შემთხვევითი. ამდენად, ამ ეპიზოდში ერთადერთი მტკიცებულება არის ი. ნ–სის ჩვენება და ლ. ნ–ს მოწმედ მოყვანა საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება, ლ. ნ–ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ლ. ნ–ს ჩვენების თანახმად, მაშინ, როდესაც იგი დეიდას ესაუბრებოდა, მამა უსმენდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მამა ამ დროს შეშას აპობდა. კასატორის განმარტებით, გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ ლ. ნ–ს იმყოფებოდეს ოთახში, ესაუბრებოდეს დეიდას, ხოლო შეშის ჩეხვის პროცესში მყოფი ა. ნ–ს უსმენდეს მათ საუბარს. ასევე, ი. ნ–მა, შეკითხვაზე, იცოდა თუ არა შვილის მიმართ ა. ნ–სს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, განაცხადა, რომ იმავე დღეს გაიგო, თუმცა შეკითხვაზე, თუ რატომ არ აცნობა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს, გასცა გაუგებარი პასუხი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ასევე, დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულ ი. ნ–სისა და არასრულწლოვანი მოწმის – ლ. ნ–ს ჩვენებები არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად შეაფასა მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები და გადაწყვეტილება დააფუძნა მოწმეთა არასარწმუნო ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე.

5.3. პალატა აღნიშნავს, რომ ა. ნ–სს მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეულ, ურთიერთანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი. ნ–ს, არასრულწლოვანი მოწმის ლ. ნ–ს, მოწმე – ე. ლ–ს ჩვენებებით, ასევე №.......... შემაკავებელი ორდერით, თანდართული შემაკავებელი ორდერის ოქმით, 2022 წლის 13 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და 2022 წლის 13 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

5.4. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ა) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; ბ) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; გ) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; დ) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორად შეაფასა და მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულების ი. ნ–სისა და ლ. ნ–ს ჩვენებები აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და შეესაბამებოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

5.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების – ი. ნ–სა და ლ. ნ–ს ჩვენებები არ შეიცავს არსებითი ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, ამასთან, თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან.

5.7. საკასაციო პალატა აფასებს დაზარალებულების ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ძირითადი საკითხი და წინააღმდეგობა, რომელზეც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას, არის ის, ლ. ნ–ს იყო თუ არა ა. ნ–ს მხრიდან ი. ნ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის თვითმხილველი (ბრალად წარდგენილი ეპიზოდი) და რატომ ისაუბრა აღნიშნულზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა. ი. ნ–ს განმარტებით, 2022 წლის 5 ნოემბრის ძალადობა მისმა მეუღლემ განახორციელა მათი არასრულწლოვანი შვილის – ნ. ნ–ს თანდასწრებით. ასევე, თავის მხრივ, ი. ნ–მა დამატებით განმარტა, რომ იგი არ ყოფილა ლ. ნ–ს მიმართ ა. ნ–ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი, არამედ შვილისგან იცის გადმოცემით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ნ–მ, სასამართლოში დაკითხვისას, ფაქტები გადმოსცა ზოგადად, თარიღების კონკრეტიზაციის გარეშე. თუმცა მისი ჩვენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ი. ნ–სა და ა. ნ–ს შორის მუდმივად იყო დაძაბული ურთიერთობა, რაც, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირებით გამოიხატებოდა. აღსანიშნავია, რომ გამამტყუნებელ განაჩენს (ამ ეპიზოდში) საფუძვლად არ უდევს მხოლოდ ლ. ნ–ს ჩვენება და ბრალად წარდგენილი გარემოებები დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

5.8. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მცირე წინააღმდეგობები, რომლებიც დაფიქსირდა დაზარალებულთა ჩვენებებს შორის ვერ იქნება მიჩნეული არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებად, ვინაიდან დაზარალებულები თანმიმდევრულად და დეტალურად მიუთითებენ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მის განვითარებაზე და შედეგზე (დაზარალებულების მიერ განცდილ შიშზე და ფიზიკურ ტკივილზე). ამ ნაწილში მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული და არ შეიცავენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ი. ნ–სა და ლ. ნ–ს ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ლ. ნ–სმ მართალია განმარტა, რომ ა. ნ–ს შეშას აპობდა, როდესაც ის დეიდას ესაუბრებოდა, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ა. ნ–მ გაიგო მისი საუბარი. აღნიშნული არის სრულიად ბუნებრივი მოვლენა, ვინაიდან დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორზე, როგორიც შესაძლოა იყოს შემთხვევის ადგილის განლაგება და სხვა. თავისთავად ის გარემოება, რომ დაზარალებულმა შეიძლება ვერ დაინახა/გაიხსენა უსმენდა თუ არა ა. ნ–ს მის საუბარს, ობიექტურად არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ძალადობის ფაქტი ცალსახად განმარტა და მომხდარიდან უმალვე უამბო დედას – ი. ნ–ს. ამდენად, დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული გარემოებების მთავარ არგუმენტად გამოყენება, ვერ დაუკარგავს სანდოობას დაზარალებულთა ჩვენებებს.

5.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას ეყრდნობა საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.10. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.

5.11. მოცემულ შემთხვევაში, ა. ნ–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. ამ კვალიფიკაციით მსჯავრდება მოითხოვა სახელმწიფო ბრალმდებელმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენის (რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენით) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ სასამართლომ დადგენილად სცნო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ბრალდების სამივე ეპიზოდში, მათ შორის მუქარის ჩადენა არაერთგზის. თუმცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ა. ნ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. ზემოაღნიშნულის მიუხედავად საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ შეაბრუნოს საუარესოდ, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გამო.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე